თბილისში მდებარე "წიგნები ვაკეში" დამფუძნებლის, მარიამ კიკაჩეიშვილის ინფორმაციით, ობიექტი წარმატებულ ზაფხულის სეზონს ელოდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მარიამ კიკაჩეიშვილი განმარტავს, წლის ჭრილში საკითხავი ლიტერატურის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ასორტიმენტის გაფართოებას უკავშირდება.

მისივე თქმით, მიმდინარე ტენდენციის მიხედვით, ახალგაზრდებში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი გერმანულენოვანი ლიტერატურის მიმართ, რის გამოც მაღაზიას გერმანულენოვანი გამოცემებიც დაემატა.

"ჩვენი პარტნიორი გახდა გერმანული გამომცემლობა Reclam. ამ ხაზით ძირითადად წარმოდგენილია, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე გერმანულენოვანი ავტორების ნამუშევრები. ასევე ხელმისაწვდომია გერმანულ ენაზე გამოცემული ინგლისურენოვანი ავტორების წიგნები. მაგალითად, მხატვრული ლიტერატურა და ფილოსოფიური ნაშრომები. ზოგადად, გერმანულენოვანი ლიტერატურის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში იზრდებოდა. უცხოელ პარტნიორთან თანამშრომლობა არ გაგვჭირვებია, რადგან ბაზარზე უკვე რამდენიმე ათეული წელია ვოპერირებთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, მკითხველებს თანამედროვე ავტორების უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ", - აღნიშნავს "წიგნები ვაკეში" დამფუძნებელი.

მარიამ კიკაჩეიშვილი ახალგაზრდების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ხშირად სპეციფიკური თემატიკის წიგნები მოსწონთ.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბაზარმა გარკვეული რყევები განიცადა. გაძვირდა ლოჯისტიკაც, რაც ტრანსპორტირების ფასების ცვალებადობას უკავშირდება, თუმცა "წიგნები ვაკეში" მომხმარებლებისთვის ბიუჯეტური გამოცემების შეთავაზებას მაინც ახერხებს.

"საკუთარი სტამბა არ გვაქვს, თუმცა მხოლოდ ჩვენი ობიექტით არ შემოვიფარგლებით, წიგნებს თბილისში სხვა მაღაზიებსაც ვაწოდებთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ხშირად სპეციფიკური თემატიკის წიგნები მოსწონთ. მოთხოვნადია მსოფლიო ისტორია, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული წიგნები და გამოცემები. ეკონომიკური მიმართულების ლიტერატურაზე მოთხოვნა ყველა ასაკობრივ ჯგუფში არსებობს. გარკვეული ტიპის წიგნები უკვე კლასიკად არის ქცეული, მათ შორის გამოცემები მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით. პროდუქცია ძირითადად ინგლისიდან და გერმანიიდან ჩამოგვაქვს, თუმცა ვცდილობთ და ვახერხებთ კიდეც მომხმარებლებისთვის ბიუჯეტური გამოცემების შეთავაზებას, რათა სტაბილური ფასები შევინარჩუნოთ", - აღნიშნავს წიგნების მაღაზიის დამფუძნებელი.

მარიამ კიკაჩეიშვილი სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველ გამომცემლებს დაფინანსების კუთხით გარკვეული შეზღუდვები აქვთ.

"ასევე თუ ადრე ბაზარზე ათობით ახალი თარგმანი ჩნდებოდა, დღეს მსგავსი სურათი აღარ არის. შემცირებულია თარგმნილი წიგნების რაოდენობაც, რაც მათ შორის, უცხოურ დაფინანსებებთან დაკავშირებულ რეგულაციებს უკავშირდება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მიმდინარე წელს კიდევ ორ გამომცემლობასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მათი გამოცემების წარდგენას საშემოდგომოდ ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპზე გამომცემლობების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ფილიალების დამატებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ", - წიგნების მაღაზიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, "წიგნები ვაკეში" თბილისში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი