"ნათია ჯანაშიას მხარის მცდელობა, ლოკალური კორპორაციული დავა გლობალურ ფინანსურ სკანდალად აქციოს, აშიშვლებს მისი სტრატეგიის კიდევ ერთ მეთოდოლოგიურ ჩავარდნას", - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აკვირდება "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო არსებული დავის მიმდინარეობას და მასთან დაკავშირებით, პერიოდულად, საკუთარ ხედვებს უზიარებს საზოგადოებას. 

"ნათია ჯანაშიას საერთაშორისო მოთხოვნები რადიკალური და აბსურდულია. ლონდონის საფონდო ბირჟის ადმინისტრაციისა და FTSE Russell-ისადმი გაგზავნილი მიმართვები, სადაც ჯანაშია ითხოვს ინვესტორი მხარის სალისტინგო სიიდან ამოღებას და აქციებით ვაჭრობის შეჩერებას, პირდაპირ მიუთითებს იმ სამართლებრივ ნიჰილიზმზე და ჩიხურ მდგომარეობაზე, რაც აკადემიის მინორიტარი აქციონერის გუნდშია. ფაქტია, საერთაშორისო ფინანსური სისტემები გადაწყვეტილებებს იღებენ დადასტურებული ფაქტებისა და სასამართლოს განჩინებების საფუძველზე და არა ცალმხრივი, დაუდასტურებელი ბრალდებების საფუძველზე. 

განვითარებული საფინანსო ბაზრები არასდროს ეყრდნობიან წინასწარ, ხმამაღალ ბრალდებებს. ვაჭრობის შეჩერება ან დელისტინგი (ბირჟიდან ამორიცხვა) მსოფლიო პრაქტიკაში უკიდურესად იშვიათი ზომაა და ის მხოლოდ დასრულებული, დამოუკიდებელი გამოძიებებისა და დადასტურებული კორპორაციული დანაშაულის საფუძველზე გამოიყენება", - აღნიშნავს ცუცქირიძე.

ანალიტიკოსის აზრით, გაუგებარია, რატომ არიდებს თავს ნათია ჯანაშია თანმიმდევრულ სამართლებრივ გზას. "თუ მინორიტარი პარტნიორი მიიჩნევს, რომ მყიდველმა წილი თაღლითურად მიითვისა, რატომ არ მიყვება თანმიმდევრულად სამართლებრივ გზას? სამართლებრივი პროცესის ჩანაცვლება საჯარო და მარეგულირებელი ზეწოლით მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ჯანაშიას მხარის პოზიცია მყარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია  და წინასწარ არის შეგუებული მარცხს", - აცხადებს ცუცქირიძე.

მისი მოსაზრებით, ნათია ჯანაშიას ჯგუფის მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ქართული მართლმსაჯულების "არასანდოობას" ეფუძნება, სერიოზული იურისდიქციული გამოწვევების წინაშე დადგება.  ვინაიდან კომპანია რეგისტრირებულია საქართველოში, ძირითადი აქტივები, დოკუმენტაცია და მოწმეებიც აქ არის. ინგლისური სასამართლო, სპილიადას ტესტის მიხედვით, დავის ბუნებრივ ადგილად საქართველოს მიიჩნევს. 

"ტესტის მეორე ეტაპზე ჯანაშიას მხარეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ საქართველოში კომერციული დავის სამართლიანი განხილვა ფუნდამენტურად შეუძლებელია. ბრიტანელი მოსამართლეები არ იღებენ ზოგად პოლიტიკურ რიტორიკას-მათ სჭირდებათ მტკიცებულება, რომ სისტემური ხარვეზები უშუალოდ ამ კონკრეტულ საქმეზე ახდენს გავლენას. 

ვინაიდან არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ქართულ მართლმსაჯულებას, კომერციულ ნაწილში, უსამართლოდ არ აფასებს, ფაქტია, ნათია ჯანაშიას მხრიდან ამ ბარიერის გადალახვის შანსი მინიმალურია. 

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნათია ჯანაშიას პოზიცია აგებულია კლასიკურ პოპულიზმზე და „საგანმანათლებლო მისიის" ემოციურ ექსპლოატაციაზე, მაშინ როდესაც ჩრდილში ტოვებს 30-მილიონიანი ფინანსური სარგებლის მიღების ფაქტს, საწყის კრიზისულ ზარალსა და კორპორაციული დავის ეკონომიკურ შედეგებს.

ამ ფონზე კი, ლონდონის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმა, საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ ხელოვნურად გაბერილ სკანდალს და ნათია ჯანაშიას ზეწოლის კამპანიას მარცხისთვის განწირულ მცდელობად წარმოაჩენს,“ - ამბობს ანალიტიკოსი.