40 წლის რუსი მილიონერი ბიზნესმენი, ტექნოლოგიური კონგლომერატი ICS Holding-ის დამფუძნებელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდებოდა, მკვდარი იპოვეს საკუთარ ოფისში მოსკოვში. რუსეთში ცნობილი პიროვნების უკანასკნელი იდუმალი სიკვდილის შესახებ რუსული მედია იტყობინება 22 ივლისს. სიკვდილის წინასწარ მიზეზად გულის გაჩერება დაასახელეს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თებერვალში ჩერეპენნიკოვს სანქციები დაუწესა იმის გამო, რომ ის იყო „‘ციტადელის’ საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი და ხელმძღვანელი“. აშშ-ის ხელისუფლების თქმით, „ციტადელმა“ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპიუტერული ქსელებიდან ფინანსური და პერსონალური ინფორმაციის მოსაპარად არის შექმნილი. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ICS Holding-ი ასევე დაკავშირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.