საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად“ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა გადმორიცხა.

უწყების ცნობით, თანხები საქართველოში მისი პირადი და მასთან დაკავშირებული პირების ანგარიშებიდან დანაწევრებით ირიცხებოდა. „ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად“, - აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიების ვერსიით, თანხის შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში გადაიტანეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით — განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე — დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოსთვის ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართვას გეგმავს. უწყების განცხადებით, პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდება.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია დაახლოებით 70 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. უწყების განცხადებით, აღნიშნული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად „პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“.