პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს განაცხადის გაკეთება პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge - შეუძლიათ.

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ქვეყანაში 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 568 პროგრამაზეა მიღება გამოცხადებული. საერთო ჯამში ხელმისაწვდომია 21 372 ადგილი, მათ შორის 37 საშუალო პროფესიული პროგრამა, რომლებიც სრულ ზოგად განათლებასთან ინტეგრირებულ სწავლებასაც მოიცავს.

აპლიკანტს შეუძლია მაქსიმუმ სამი სასურველი პროგრამა აირჩიოს და რეგისტრაციის დასრულებამდე არჩევანი შეცვალოს. პროფესიულ განათლებაზე სწავლის გაგრძელება შეუძლიათ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს, თუმცა თითოეულ პროგრამას საკუთარი დაშვების პირობები აქვს.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, კერძო დაწესებულებებში კი დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით, განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით გაიცემა.

აპლიკანტთა შერჩევა 12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე მსურველებისთვის ტესტირება 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება — შესაბამისად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და წიგნიერება/რაოდენობრივ წიგნიერებაში.

საბოლოო არჩევანის დაფიქსირება იმ აპლიკანტებს, რომლებმაც რამდენიმე პროგრამა მიუთითეს, 11-13 ნოემბერს შეეძლებათ. დეტალური ინფორმაცია პროგრამებისა და მიღების პირობების შესახებ ხელმისაწვდომია vet.ge-ზე.