ხშირად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო ან ვსაუბრობთ ტოტალური ავტომატიზაციის ტექნო-უტოპიურ ოცნებაზე, ან ისეთ დისტოპიურ კოშმარზე, სადაც ადამიანის როლი სრულად ქრება. თუმცა, ცივილიზაციის ამ გარდამტეხ მომენტში, არსებობს მესამე, გაცილებით ლოგიკური გზაც – პრაგმატული ოპტიმიზმი. ეს იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ტექნოლოგიური კი არა, ადამიანური რევოლუციის შუაგულში ვიმყოფებით.
ამ დროში, წარმატებას მიაღწევენ არა ის ორგანიზაციები, რომლებიც AI-ს უბრალოდ მეტი საქმის სწრაფად საკეთებლად გამოიყენებენ, არამედ ისინი, ვინც მას კრეატიულობის აქსელერატორად აქცევს. ტექნოლოგია უნდა დაგვეხმაროს დროის გამოთავისუფლებაში იმ საქმისთვის, რისი კეთებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია – წარმოსახვა, კავშირების დამყარება და ახალი მნიშვნელობების შექმნა. მაკროეკონომიკური პროგნოზებიც, მაგალითად Citrini Research-ის კვლევები ვარაუდობს, რომ AI გლობალურ ინტელექტუალურ ბუმს გამოიწვევს. ეს მოიტანს პროდუქტიულობის მდგრად ზრდას და რეალურ სახელფასო მატებას, ოღონდ იმ პირობით, რომ მანქანურ ინტელექტს ადამიანური განსჯის შემავსებლად გამოვიყენებთ. ლიდერები უკვე უნდა გასცდნენ მხოლოდ წესების დაცვაზე ორიენტირებულ მართვას და დაიწყონ ისეთი გარემოს შენება, სადაც შემოქმედებითობა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება იყვავილებს.
ორგანიზაციულ კულტურაში „მოძრაობის, ფიქრისა და დასვენების“ პრინციპების ინტეგრირებით, ჩვენ შევძლებთ კრეატიული გამძლეობის გამომუშავებას და AI-სთან ერთად მუშაობას, ნაცვლად იმისა, რომ ტექნოლოგიამ ჩაგვანაცვლოს.
არსებობს სამი მთავარი პრინციპი, რომელიც დაგვეხმარება დავრჩეთ საკუთარი მომავლის არქიტექტორებად:
წინაღობების შექმნა
სამყაროში, სადაც ყველა უწყვეტ ავტომატიზაციაზეა შეპყრობილი, წინაღობა ხშირად ხარვეზად აღიქმება. არადა, სწორედ წინააღმდეგობების გადალახვისას ვსწავლობთ. ამ პრინციპით რომ „იმოძრაოთ“, ეცადეთ გახდეთ რაღაც ახალი ფიზიკური აქტივობის „მოუქნელი სტუდენტი“. სხეულებრივი სწავლება, როდესაც ხელებს ან სხეულს იყენებთ, შეუცვლელია. რაც შეეხება „ფიქრს“, უნდა შევეწინააღმდეგოთ ყველაფრის მყისიერი ავტომატიზაციის ცდუნებას. ამის ნაცვლად, მიეცით საკუთარ თავს უფლება, იბრძოლოთ ბუნდოვანებასთან: იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა, დასვით კითხვა – „მაგრამ… რატომ?“ და ნუ დაკმაყოფილდებით ზედაპირული პასუხებით. ხოლო სანამ „დაისვენებთ“ და ძველ პროცესს უბრალოდ გაასწრაფებთ, შეჩერდით და სცადეთ სამუშაო პროცესის სრულად თავიდან გააზრება. ეს ჰგავს ორთქლიდან ელექტროენერგიაზე გადასვლას, რამაც ქარხნების სრული გადაწყობა მოითხოვა და არა მხოლოდ ორთქლის ძრავების აჩქარება. მომავლის ლიდერები წინაღობებს კი არ გააქრობენ, არამედ ისწავლიან პროდუქტიული და უბრალოდ გამაღიზიანებელი წინაღობების ერთმანეთისგან გარჩევას.
მოულოდნელი აღმოჩენების წახალისება
რაც უფრო სწრაფად ვითარდება ციფრული გამოცდილება, მით უფრო ფასეული ხდება რეალური, ცოცხალი ურთიერთობები. ინოვაციისთვის აუცილებელი „კრეატიული ხახუნი“ პირისპირ კომუნიკაციაში იბადება და არა ციფრულ სივრცეში. იდეები, რომლებიც ინდუსტრიებს ცვლის, იშვიათად ჩნდება Slack-ის მიმოწერაში. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ისიამოვნოთ ბუნდოვანებით და ჩაერთოთ ისეთ საუბრებში, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული შედეგი არ აქვთ – სწორედ იქ იბადება ყველაზე ორიგინალური აზრები. დასვენებისთვის კი საუკეთესოა ჰოლანდიური პრაქტიკა Niksen, რაც ერთად, მიზანმიმართულად არაფრის კეთების ხელოვნებას გულისხმობს. სწორედ ადამიანებს შორის გაჩენილ ამ სიჩუმეში ღრმავდება კავშირები და ჩნდება მოულოდნელი ინსაიტები. ბედნიერი შემთხვევები თავისით არ ხდება, ეს დიზაინის ნაწილია. ორგანიზაციები, რომლებიც დროის ნაწილს დაუგეგმავს ტოვებენ, ინვესტირებენ ფიზიკურ სივრცეებში და არ ცდილობენ ყოველი წუთის გაწერას, ფსონს დებენ ადამიანურ კრეატიულობაზე, რომელსაც ვერცერთი ალგორითმი ვერ ჩაანაცვლებს.
ყურადღების მართვა
ხელოვნური ინტელექტის სისწრაფემ დრო უნდა მოგვცეს და არა ახალი დავალებებით გადაგვტვირთოს. მეტი დრო დაუთმეთ რეალურ შეგრძნებებს – შეხებას, გემოს, ბუნებას, სურნელს. ეს ფუფუნება კი არა, მგრძნობიარე ინტელექტის სასიცოცხლო წყაროა, რაზეც ენობრივ მოდელებს წვდომა არ აქვთ. იყავით მკაცრი საკუთარი თავის შეფასებისას და მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს ინსტრუმენტი აზროვნებას მიმძაფრებს თუ მინაცვლებს? პასუხმა დროდადრო დისკომფორტი უნდა შეგიქმნათ და ეს დისკომფორტი ძალიან სასარგებლო მონაცემია. თუ AI საათებს დაგიზოგავთ, მთავარი კითხვა ის კი არ არის, რით შეავსოთ ეს დრო, არამედ რა იმსახურებს ამ სივრცეს. წარმოსახვის ეპოქაში ყურადღება ყველაზე დეფიციტური რესურსია და ორგანიზაციები, რომლებიც მას დაიცავენ, სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებენ მათზე, ვინც უბრალოდ მეტი საქმის ავტომატიზაციას ცდილობს.
საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი თანამფრინავი უნდა იყოს და აძლიერებდეს იმას, რაც ადამიანებად გვაქცევს. წინაღობების სწორად მართვით, მოულოდნელი აღმოჩენების წახალისებითა და ყურადღების შენარჩუნებით, უზრუნველვყოფთ, რომ ინტელექტუალური ბუმი ადამიანის რეალურ განვითარებას მოემსახურება. წარმოსახვის ეპოქა თავისით არ დადგება – ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ადამიანზე ორიენტირებული მომავლის შემოქმედები. მთავარი კითხვაა, ამ გადაწყვეტილებებს ინერციით მივიღებთ თუ მიზანმიმართულად.
წყარო: Fastcompany