ჩინეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში გლობალური ლიდერის პოზიცია დაიკავა და უკვე გადაუსწრო აშშ-ს საერთო სიმძლავრის მიხედვით — რაც ენერგეტიკულ ბაზარზე ძალთა გადანაწილების მკაფიო სიგნალია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ბირთვული გენერაციის სიმძლავრე დაახლოებით 125 გიგავატს აღწევს, რაც მას მსოფლიოს ნომერ პირველ მოთამაშედ აქცევს ამ მიმართულებით. ჩინეთი ასევე ინარჩუნებს ლიდერობას მშენებლობის ეტაპზეც — მიმდინარე პროექტების მოცულობით ქვეყანა მსოფლიო ბაზრის ნახევარზე მეტს აკონტროლებს.

ქვეყანაში უკვე მოქმედებს ათეულობით რეაქტორი, ხოლო ახალი ენერგობლოკების მშენებლობა სწრაფი ტემპით გრძელდება. პარალელურად, ჩინეთი აქტიურად ავითარებს ახალ თაობის ტექნოლოგიებს, მათ შორის მცირე მოდულურ რეაქტორებს, რაც მომავალში ექსპორტის მნიშვნელოვან მიმართულებადაც განიხილება.

ენერგეტიკული პოლიტიკის დონეზე, ბირთვული ენერგია ჩინეთისთვის სტრატეგიულ ინსტრუმენტად იქცა — როგორც ენერგოუსაფრთხოების, ისე დაბალი ემისიების ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, გლობალურად ბირთვული ენერგიის ინვესტიციები მკვეთრად იზრდება და უკვე წლიურად ას მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ამ ფონზე, აშშ კვლავ რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ბირთვული ენერგიის წარმოებაში, თუმცა ახალი სიმძლავრეების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთს. შედეგად, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ლიდერობა თანდათან აზიის მიმართულებით ინაცვლებს.

მთლიანობაში, მიმდინარე ტენდენცია მიუთითებს, რომ ბირთვული ენერგია კვლავ უბრუნდება ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრს, ხოლო ჩინეთი ცდილობს არა მხოლოდ შიდა ბაზრის დაკმაყოფილებას, არამედ გლობალური ექსპორტის ლიდერობაზეც პრეტენზიის განაცხადებას.

წყარო:
China becomes world leader in nuclear capacity