ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, სპორტულ შედეგებთან ერთად, ტურნირის რეკორდული ფინანსებიც მოექცა.
როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არასდროსაა, ეს არის ძალიან დიდი ფინანსური ბრძოლაც, რადგან ჩემპიონთა ლიგა ყველაზე შემოსავლიანი საკლუბო ტურნირია ევროპაში.
გავლენიანი საერთაშორისო ბიზნეს-გამოცემების, მათ შორის Financial Times-ის, Business Standard-ისა და Hindustan Times-ის ანალიზი აჩვენებს, რომ უეფას (UEFA) განახლებული ფორმატი და გაზრდილი, 2.4-მილიარდიანი საპრიზო ფონდი, კლუბებისთვის სოლიდური შემოსავლის წინაპირობად იქცა.
ავტორიტეტული გამოცემების გათვლებით, მხოლოდ ფინალურ მატჩში გამარჯვებისთვის პსჟ-მ უეფასგან პირდაპირი საპრიზო თანხის სახით 25 მლნ ევრო (დაახლოებით 26.8 მლნ დოლარი) მიიღო, ხოლო ვიცე-ჩემპიონმა „არსენალმა“ - 18.5 მილიონი ევრო.
წესების თანახმად, 18.5 მლნ ევრო სწორედ ფინალში მოხვედრისთვის დაწესებული ჯილდოა, გამარჯვებულს (პსჟ) კი ბონუსის სახით უეფა-სგან 6.5 მლნ ევროს ბონუსი დაემატა. თუმცა, როგორც სპორტული ფინანსების ექსპერტები Financial Times-თან საუბრისას აღნიშნავენ, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
უცხოური გამოცემები განმარტავენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან მიღებული შემოსავლები გუნდებისთვის რამდენიმე ნაწილად იყოდა, მათ შორისაა მონაწილეობისთვის ფიქსირებული თანხა, მატჩების მოგების ან ფრედ დასრულების შემთხვევაში ბონუსები, ეტაპებზე გასვლის ჯილდოები (მერვედფინალი, მეოდხედფინალი, ნახევარფინალი) და რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, უეფას ე.წ. „Value Pillar“-ის (სატელევიზიო ბაზრის წილი და კლუბის რეიტინგი) წყალობით მიღებული შემოსავლები. სწორედ აღნიშნულ დათვლებზე დაყრდნობით, უცხოური მედია წერს, რომ ჩემპიონი პსჟ-ს ჯამურმა შემოსავალმა ამ სეზონიდან საშუალოდ, 146 მილიონ ევროს მიაღწია.
რა თანხას გამოიმუშავებს ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის?
ბიზნეს-ანალიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვაა, რა ხვდებათ თავად მოედანზე მყოფ ვარსკვლავებს ამ მილიონებიდან? ეს კითხვა საინტერესოა ქართველი გულშემატკივრისთვისაც, რადგან მოედანზე მყოფ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი სწორედ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
ოფიციალურად, წესების თანახმად, უეფა ფეხბურთელებს ინდივიდუალურად არ აჯილდოებს და მთელი თანხა კლუბის ანგარიშზე შედის. მოთამაშეების ანაზღაურება კი, სრულად შიდა საკლუბო კონტრაქტების პირობებსა და პრემიებზეა დამოკიდებული.
თუკი აქამდე ტოპ-კლუბებში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ფეხბურთელების სტანდარტული ბონუსი 400 000-დან 600 000 ევრომდე მერყეობდა, პარიზულმა გრანდმა წელს ახალი რეკორდი დაამყარა.
წამყვანი ფრანგული გამოცემის, L'Équipe-ის ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (რომელიც წამყვანმა სპორტულმა პლატფორმებმა, მათ შორის Goal.com-მაც გაავრცელეს), პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბონუსის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებს.
ევროპული პრესა ხაზს უსვამს, რომ ეს პუნქტი სეზონის დაწყებამდე კლუბის მენეჯმენტსა და გუნდის „ლიდერთა საბჭოს“ (მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ვიტინია) შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა.
პუბლიკაციაში საუბარია იმაზეც, რომ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა, ძველი მიდგომები შეცვალა, რომელიც ადრე ისეთ სუპერვარსკვლავებზე იყო მორგებული, როგორიცაა მაგალითად, კილიან მბაპე. ახალი სისტემით, კლუბმა პრიორიტეტი კოლექტიურ ბონუსს მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდურობის წასახალისებლად, ფიქსირებულ 1 მილიონ ევროს მიიღებს აბსოლუტურად ყველა ძირითადი მოთამაშე, განურჩევლად მათი ვარსკვლავური სტატუსისა და იმ სათამაშო დროისა, რაც მოედანზე გაატარეს.
უცხოური გამოცემები ასევე წერენ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მედიასთან ფინანსური სტიმულირება მეორეხარისხოვნ საკითხად წარმოაჩინა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დიდი მოტივაცია და ჯილდო არაფერია.