ჯანდაცვის სამინისტროდან „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შრომითი მიგრაციის საკითხის რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან დროული და აუცილებელი ნაბიჯია, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათთვის დამატებითი დასაქმების შესაძლებლობების შექმნაა.

უწყების განმარტებით, როდესაც კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეუძლია როგორც ქართველ მოქალაქეს, ისე უცხოელს, პრიორიტეტი პირველ რიგში ადგილობრივ კადრს უნდა მიენიჭოს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

პრესრელიზში მაგალითად დასახელებულია ისეთი სფეროები, როგორიცაა ტაქსის მომსახურება, ტურისტული გიდობა და საკურიერო სერვისები, სადაც, სამინისტროს შეფასებით, ქართველ მოქალაქეებს საქმიანობის სრულფასოვნად შესრულება შეუძლიათ.

ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თუ ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე შესაბამის კადრს ვერ მოძებნის, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უცხოეთიდან მოიზიდოს საჭირო თანამშრომელი, თუმცა მხოლოდ იაფი მუშახელის გამოყენებით მოქალაქეების ინტერესების დაზიანება მიუღებელია.