თაღლითური სატელეფონო ზარების გამო, ჩეხეთის მოქალაქეებმა წელს უკვე თითქმის მეოთხედი მილიარდი კრონა (დაახლოებით 32 მილიონი ლარი - რედ.) დაკარგეს. ქურდები, რომლებიც თავს ბანკირებად ან პოლიციის ოფიცრებად ასაღებენ, მსხვერპლს არწმუნებენ, რომ დანაზოგი სხვა ანგარიშზე გადარიცხოს. ცალკეულ შემთხვევებში, ზარალი მილიონობით ევროსაც კი შეადგენს.

„წლის დასაწყისიდან, სატელეფონო თაღლითობის 480-ზე მეტი შემთხვევა დავაფიქსირეთ და საერთო ზარალმა თითქმის მეოთხედი მილიარდი კრონა შეადგინა“, - განაცხადა პოლიციის პრეზიდიუმის (ჩეხეთის პოლიციის ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო - რედ.) პრეს-მდივანმა, იაკუბ ვინჩალეკმა.

ამჟამად ჩეხი კრიმინალისტები მუშაობენ ერთ-ერთი ქალბატონის საქმეზე, რომელმაც 24 მილიონი კრონა დაკარგა. ასეთი ნაბიჯი მას „ვოთსაპით“ გაგზავნილი დოკუმენტების ფოტოებმა და ყალბმა პირადობის მოწმობამ გადაადგმევინა.

„ღვთის გულისათვის, არც პოლიცია და არც ჩეხეთის ეროვნული ბანკი ამ ფორმით არასოდეს დაგიკავშირდებათ და ფინანსურ მანიპულაციებს არ მოგთხოვთ“, - დასძინა ვანჩალეკმა.

სამიზნე შეიძლება ნებისმიერი თქვენთაგანი გახდეს. როგორ დავიცვათ თავი საბანკო თაღლითობის მცდელობებისგან? (ჩეხურ ენაზე)

ბანკირი პინ-კოდს ან პაროლს არ მოგთხოვთ

ჩეხეთის საბანკო ასოციაციის პრეს-სპიკერის, რადეკ შალშას თქმით, ბანკის ნამდვილი თანამშრომელი არასოდეს სთხოვს კლიენტს პინ-კოდს ან ბარათის ნომერს (ვერიფიკაციის კოდის ჩათვლით), რადგან მას ეს, უბრალოდ, არ სჭირდება.

თაღლითების მიზანია, მსხვერპლში შიშის დათესვა და დროის დეფიციტის შეგრძნების შექმნა. ზარები რამდენიმე საათს გრძელდება, რომლის დროსაც თაღლითები სხვადასხვა როლს ინაწილებენ. „თუ არ ხართ დარწმუნებული, ტელეფონი გათიშეთ და თავად დაურეკეთ თქვენს ბანკს. ასე მაშინვე გაიგებთ, ნამდვილად გირეკავდათ თუ არა ვინმე ბანკიდან“, - დასძინა შალშამ.

დამნაშავეები მუდმივად ხვეწენ თავიანთ მეთოდებს და საზღვარგარეთ არსებული ქოლ-ცენტრების გამოცდილებას იყენებენ. კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, სხვა დანაშაულებთან შედარებით, როგორც წესი, მნიშვნელოვნად დაბალია. თაღლითური ზარების შემთხვევაში, სამართალდამცავები დამნაშავეთა დაახლოებით თხუთმეტ პროცენტს აკავებენ. თუმცა, პოლიციის თქმით, ამ შემთხვევაშიც კი გაძარცვულების მიერ ფულის დაბრუნების შანსი მცირეა.

ბანკების უსაფრთხოების სისტემები მოქალაქეებს საეჭვო ტრანზაქციების შესახებ აფრთხილებს. მხოლოდ გასულ წელს მათ კლიენტებს თორმეტი მილიარდი კრონა დაუზოგეს. თუმცა, ორი მილიარდის ხელში ჩაგდება თაღლითებმა მაინც მოახერხეს.

ბანკის კლიენტებისთვის ფულის გამოსაძალად, თაღლითები უამრავ ხერხს მიმართავენ (ჩეხურ ენაზე)

წყარო: 1 არხი