"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" (BGA) დავის გარშემო, ბოლო პერიოდში მინორიტარი ნათია ჯანაშიას მხრიდან გავრცელებული ცნობები 70%-იანი აქციონერის „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მხრიდან საგანმანათლებლო აქტივის" მიტაცების" ორგანიზებულ მცდელობაზე, სინამდვილეს არ ასახავს“, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.

საკითხი ეხება 2024 წელს, თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ დაწყებულ დავას. მედიასთან საუბარში, გიორგი ცუცქირიძე დავის ეკონომიკურ და ფაქტობრივ ასპექტებს განიხილავს.

გიორგი ცუცქირიძის აზრით, რეალურად, არსებული ფაქტობრივი გარემოებები და კორპორაციული პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მოცემული საქმე გარიგების შემდგომ (post-deal) კორპორაციულ დავას წარმოადგენს.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ შემთხვევაში არსებული გარემოებები, ჯანაშიას გაცხადებულ მოდელს არ შეესაბამება. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, 2019 წელს ინვესტორმა - "საქართველოს განათლების ჯგუფმა", სკოლის 70%-იანი წილი კანონიერად, მხარეთა შეთანხმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა. ნათია ჯანაშიას 30 მილიონი ლარი გარიგების საფუძველზე ჩაერიცხა.

ამდენად, შეუძლებელია, რომ ვისაუბროთ გარედან განხორციელებულ მტრულ მოქმედებებზე, რადგან დამფუძნებლებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება წილის გასხვისების შესახებ და გარიგება სამართლებრივ ჩარჩოებში განხორციელდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფლიქტი უშუალოდ გარიგების დადებიდან 5 წლის შემდეგ წარმოიშვა, როდესაც ინვესტორმა ხელშეკრულების მიხედვით იმოქმედა და მინორიტარი აქციონერი, მხოლოდ მენეჯმენტიდან დაითხოვა, ისე რომ წილს არ შეხებია.

განვმეორდები  და ვიტყვი, რომ ეს სტრუქტურა, გარიგების შემდგომი დავის კლასიკურ ნიშნებს ატარებს. სიტუაციას, როდესაც მხარეები თავდაპირველად შეთანხმდნენ და ინვესტიცია ჩვეულებრივად განხორციელდა, მაგრამ მოგვიანებით დაიწყო უთანხმოება", - ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმით, დავის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა კონტროლის საკითხი, რომელსაც მინორიტარი ნათია ჯანაშია მწვავედ აყენებს. თუმცა, კორპორაციული სამართლისა და კერძო საინვესტიციო პრაქტიკის თვალსაზრისით, მაჟორიტარი ინვესტორის მიერ უფრო ძლიერი მმართველობითი კონტროლის მოთხოვნა, თავისთავად, არ წარმოადგენს არალეგიტიმურ ქმედებას.