ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებში, ციფრები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა - ასე ეხმაურება სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი BMG-სთან ტურიზმის სექტორში არსებულ ოფიციალურ მონაცემებს.
მისი თქმით, მარტი სექტორისთვის სრულად „ჩავარდნილი“ იყო, რაც ოფიციალურ სტატისტიკაში ადეკვატურად არ აისახა.
ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, იანვარ-თებერვალში ინდოეთიდან, ისრაელიდან და დუბაიდან მზარდი ნაკადები ფიქსირდებოდა, თუმცა 28 თებერვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
„იანვარ-თებერვალს ნამდვილად დადებითი ტენდენცია ჰქონდა, განსაკუთრებით, გუდაურში იყო ზრდა. თუმცა, განვითარებული მოვლენების გამო, მარტში ფრენები თითქმის ყველა ძირითადი მიმართულებიდან გაუქმდა. არ გვქონდა ფრენები ინდოეთიდან, დუბაიდან, კატარიდან, ისრაელიდან... მთელი მარტი ფიზიკურად ჩავარდა. ამიტომ, ძალიან გამიკვირდა სტატისტიკის ახალი მაჩვენებლები. მიხარია, თუ სიმართლეა, რომ პირველი ორი თვის მატებამ ეს ჩავარდნილი მარტი სრულად დააბალანსა. რეალურად ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნავს ალავერდაშვილი BMG-სთან.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ალავერდაშვილი მიუთითებს, თურქეთიდან ვიზიტორების სტატისტიკური ზრდაა. მისი თქმით, არსებული დათვლის მეთოდოლოგია - რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს დარჩენილ ნებისმიერ პირს ტურისტად მიიჩნევს - ცდომილებას იწვევს.
„რეალურად, თურქი ტურისტები აღმოსავლეთ საქართველოში ან მთის კურორტებზე ნაკლებად არიან. უფრო მეტიც, ასეთი არავინ გვინახავს. ეს ის ხალხია, ვისაც ტურისტებად აღიქვამს ჩვენი სტატისტიკა, სინამდვილეში კი მძღოლები არიან, რომლებიც 24 საათზე მეტხანს ყოვნდებიან საქართველოში. აი, ამით არის გამოწვეული თურქეთიდან „ტურიზმის“ ზრდა და არა რეალური დამსვენებლებით.“
რაც შეეხება მიმდინარე ტენდეციებს, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ გარკვეული იმედის მომცემი ნიშნები მაინც არსებობს. მისი თქმით, ჯავშნების აღდგენა ყველაზე სწრაფად ისრაელიდან დაიწყო.
„ამ ეტაპზე თანდათანობით დაიწყო ჯავშნების აღდგენა. ყველაზე სწრაფად პროცესი ისრაელიდან დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ თავად არიან ჩართულები საომარ კონტექსტში, მაინც პირველები არიან, ვინც ჯავშნებს აბრუნებს. ზაფხულის სეზონზე კი, პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ვითარება ჩვენს რეგიონში“ - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. იანვარ-მარტში ქვეყანაში სულ 1,300,505 ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით (14,323 ვიზიტით) ნაკლებია.
მიუხედავად საერთო კლებისა, უშუალოდ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (რაც გულისხმობს ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს დარჩენას) ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 3 თვეში საქართველომ 997,529 ტურისტი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით მეტია.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238,368 შეადგინა. ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.