სანამ ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნურ ინტელექტში კოლოსალურ თანხებს ასხამენ, გზად ერთ დიდ და საკმაოდ მოულოდნელ კედელს აწყდებიან – ეს ინოვაცია ხალხში საოცრად არაპოპულარულია. მომხმარებელთა მკვეთრი პროტესტი, თუ კარგად დავფიქრდებით, სრულიად ლოგიკურიცაა. აბა, ვის უნდა ისეთი ტექნოლოგიის შეყვარება, რომელიც ადამიანებს სამსახურებს ართმევს, უზარმაზარი რაოდენობის ენერგიასა და წყალს ყლაპავს, კრეატიულად აზროვნების უნარს გვიქვეითებს და უამრავ სხვა რისკს შეიცავს – დაწყებული ტოტალური კონტროლიდან, მოზარდთა მენტალურ კრიზისებამდე? მართალია, ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში საუკეთესო ასისტენტია, თუმცა სკეპტიკოსების არგუმენტებიც მყარზე მყარია. მიუხედავად იმისა, რომ AI-ის პროგრესი შეუკავებელი ჩანს, საზოგადოებრივი მხარდაჭერის არარსებობა ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობას საშინლად უძნელებს.

ამერიკელებს მონაცემთა ცენტრებთან თანაცხოვრება არ სურთ

სულ რაღაც ერთ წელში საზოგადოებრივი აზრი მონაცემთა ცენტრების გარშემო რადიკალურად შეიცვალა. შარშან გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი ამბობდა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო მათ საცხოვრებელთან ახლოს ასეთი ობიექტის აშენების. სულ ახლახან ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი 55%-მდე გაიზარდა – ანუ მკვეთრი პროტესტი სულ რაღაც ცხრა თვეში ორჯერ მეტად გაძლიერდა.

კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის მთელი 71% ეწინააღმდეგება მათ რეგიონში AI მონაცემთა ცენტრის მშენებლობას. საინტერესოა, რომ ამავე გამოკითხვაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ბევრად ნაკლები ადამიანი შეეწინააღმდეგა. ფაქტია, რომ ბევრი ახალი ცენტრის საჭიროება ბაზარზე საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა ხელოვნური ინტელექტის ბუმი და ხალხმა ეს შესანიშნავად იცის.

ვირჯინიის შტატში, რომელიც ამგვარი პროექტების მთავარი ცენტრია, მოსახლეობის მხარდაჭერა 69%-დან 35%-მდე დაეცა, ერთ-ერთმა ოლქმა კი სულ ახლახან საერთოდ გააუქმა გიგანტური კამპუსის გეგმა, რომელიც 37 მონაცემთა ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა. კალიფორნიის ერთ-ერთმა ქალაქმა კი ოფიციალურად აკრძალა ახალი ცენტრების განთავსება. მისურის შტატის ერთ პატარა ქალაქში კი ადგილობრივებმა საბჭოს ოთხი წევრი არჩევნებზე სწორედ მას შემდეგ ჩააგდეს, რაც მათ 6 მილიარდ დოლარიან მონაცემთა ცენტრს მწვანე შუქი აუნთეს. დეველოპერებისთვის, რომლებსაც მანამდეც უჭირდათ ენერგორესურსების მოპოვება და ნებართვების აღება, საქმის კეთება კიდევ უფრო გართულდება.

ხელოვნური ინტელექტის რეიტინგი საიმიგრაციო სამსახურზე დაბალია

უახლესი გამოკითხვებით, ამერიკელების მხოლოდ 26% უყურებს ხელოვნურ ინტელექტს პოზიტიურად, 46%-ს კი მის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვს. მინუს 20-იანი რეიტინგით ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებაში ბევრად უფრო არაპოპულარულია, ვიდრე აშშ-ის მკაცრი საიმიგრაციო სამსახური ან თუნდაც წამყვანი პოლიტიკოსები თავიანთი კარიერის ყველაზე დაბალი რეიტინგის პერიოდში. განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება ახალგაზრდებში, 18-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, სადაც AI-ის პოპულარობის ინდექსი მინუს 44-ს აღწევს.

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიის რისკები ბევრად აღემატება მის პოტენციურ სარგებელს. ამასთან, საზოგადოების მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს სწორი ხედვა და სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის დარეგულირების კუთხით.

ენთუზიაზმი იკლებს, შფოთვა იზრდება

თუ რამდენიმე წლის წინ ადამიანების მხოლოდ მესამედი ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გარშემო უფრო მეტად შფოთავდა, ვიდრე აღფრთოვანებას გრძნობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 50%-მდეა გაზრდილი. პოზიტიურად და ოპტიმისტურად განწყობილი კი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია.

მომხმარებელთა 57% მიიჩნევს, რომ ამ ინოვაციის სოციალური რისკები უკიდურესად მაღალია. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი კი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მასობრივი გამოყენება ადამიანებს კრეატიულად აზროვნებასა და სხვებთან მყარი, ნამდვილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შეუშლის ხელს.

პროგრესის ტემპი ზედმეტად სწრაფია

ამერიკელთა 65% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებისთვის ზედმეტად სწრაფი და სახიფათო ტემპით ვითარდება. ეს განწყობა საერთოა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებისთვის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ AI-ის მიერ მოტანილი ეკონომიკური სარგებლით ყველა თანაბრად ვერ ისარგებლებს, ხოლო საზოგადოების თითქმის სამი მეოთხედი სერიოზულად ნერვიულობს იმაზე, თუ რა ბედი ეწევა სამუშაო ადგილებს.

წყაროო: Fastcompany;  www.marketer.ge