Apple-ის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია (WWDC) სულ ახლახან დასრულდა. ღონისძიებაზე ახალი აიფონები ან საათები არ გვინახავს. ეს სრულიად ბუნებრივია – ამ შოუს მთავარი ხაზი ხომ პროგრამული პლატფორმები და ის სიახლეებია, რომლებსაც კომპანია დეველოპერებს სთავაზობს. წელს Apple-მა ყველა საოპერაციო სისტემა „27“ სერიის ქვეშ გააერთიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე macOS 27, iOS 27 და visionOS 27 ერთდროულად ჩაეშვება. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც იმის გაგება აღმოჩნდა, თუ რომელი ძველი მოწყობილობები მიიღებენ ამ განახლებას.

ყველაზე მოულოდნელი და ხმაურიანი გადაწყვეტილება ახალ watchOS 27-ს უკავშირდება. Apple-ის საათების მომავალი სისტემა მხოლოდ შედარებით ახალ მოდელებზე – Apple Watch SE 3-ზე, Series 9-ზე, 10-ზე, 11-ზე და Ultra-ს მეორე და მესამე თაობაზე იმუშავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი თაობის ორიგინალი Apple Watch Ultra ახალ განახლებას ვეღარ მიიღებს.

ეს ნაბიჯი ტექნოლოგიურ სამყაროში ბევრისთვის ნამდვილი შოკი იყო. პირველი Apple Watch Ultra ბაზარზე 2022 წელს გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისი არსებობის მანძილზე მან მხოლოდ სამი ძირითადი პროგრამული განახლება მიიღო. არადა, ეს არ ყოფილა რიგითი, ბიუჯეტური პროდუქტი – ეს იყო Apple-ის პირველი სერიოზული მცდელობა, სრულიად ახალი დიზაინითა და 799-დოლარიანი საფასურით შეეცვალა საათების ხაზი. ბევრი მომხმარებლისთვის ეს საათი დღესაც იდეალურად მუშაობს და ახალ თაობაზე გადასვლის დიდ აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა კომპანიამ ის ფაქტობრივად მოძველებულ მოდელად გამოაცხადა. არადა, ახალ საოპერაციო სისტემას აპლიკაციების სრულიად ახალი ინტერფეისი და Siri-ს განახლებული ვერსია მოაქვს.

მიზეზი პროცესორშია

პრობლემა საათის ჩიპში იმალება. ორიგინალი Ultra მოდელი Apple-ის S8 პროცესორს იყენებდა, რომელსაც რეალურად ზუსტად იგივე სიმძლავრე ჰქონდა, რაც მის წინამორბედ S7 და S6 ჩიპებს. მარტივად რომ ვთქვათ, Apple-მა თავისი ყველაზე ძვირადღირებული საათი ბაზარზე უკვე ორი წლის წინანდელი არქიტექტურის პროცესორით ჩაუშვა.

იმ დროს ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან Apple Watch-ზე აპლიკაციები დღესაც საოცრად შეუფერხებლად იხსნება. ამ საათის მთავარი ხიბლი ხომ ყოველთვის მისი გამძლეობა, ელემენტის რესურსი და ექსტრემალური ფუნქციები იყო. თუმცა, როდესაც 2023 წელს Apple Watch Ultra 2 და Series 9 გამოვიდა, მათ ბაზარზე სრულიად ახალი S9 პროცესორი შემოიტანეს. ამ ჩიპმა მოწყობილობებს ბევრად სწრაფი გრაფიკული ბირთვი, ხელოვნური ინტელექტის ახალი ძრავა და ისეთი ფუნქციების მხარდაჭერა შესძინა, როგორიცაა Siri-ს პირდაპირ საათში მუშაობა და ეკრანზე თითების ორმაგი შეხებით ნავიგაცია.

ვინაიდან Series 9-ს ახალი საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა უნარჩუნდება, აშკარაა, რომ Apple-მა სწორედ ამ ჩიპის გარშემო გაავლო მკაფიო ზღვარი, რათა პროგრამული უზრუნველყოფის ახალ თაობაზე გადასულიყო.

კომპანიის უჩვეულო ნაბიჯი

ერთ დროს Apple-ის განვითარებას საგრძნობლად აფერხებდა ის ფაქტი, რომ კომპანია ძველ Series 3 მოდელს ხუთი წლის განმავლობაში ყიდდა, რის გამოც დეველოპერები იძულებულები იყვნენ, აპლიკაციები ძველი პროცესორისთვის მოერგოთ. თუმცა დღეს სრულიად სხვა რეალობაა: Series 3 თავიდანვე იაფიანი მოდელი იყო, ხოლო პირველი Ultra-ს მყიდველებს ჰქონდათ სრული საფუძველი ეფიქრათ, რომ მათ საათს, როგორც ფლაგმანს, ისე მოეპყრობოდნენ. ნაცვლად ამისა, მას პროგრამული მხარდაჭერა 2020 წლის Series 6-თან ერთად შეუწყდა.

ეს ფაქტი მომხმარებლებისთვის საკმაოდ მტკივნეულია. თავად საათი ფიზიკურად ნამდვილად არ მოძველებულა – მას კვლავინდებურად საუკეთესო ელემენტი და დიდი, ნათელი ეკრანი აქვს და ისევე კარგად ასრულებს თავის საქმეს, როგორც პირველ დღეს.

ეს ნაბიჯი მიანიშნებს Apple-ის გარკვეულ მოდუნებაზე, რასაც ის წლების განმავლობაში საათების განახლებისას აჩვენებდა. კომპანია აცხადებდა, რომ საათებს ყოველწლიურად ახალი ჩიპებით აუმჯობესებდა, თუმცა რეალურად მათ იდენტური წარმადობა ჰქონდათ. Apple-მა ახალი პრემიუმ ხაზი ამ ძველი ჩიპის ბაზაზე ჩაუშვა, სულ რაღაც ერთ წელში კი ის რეალურად გაძლიერებული პროცესორით ჩაანაცვლა.

პროგრამული მხარდაჭერის ასე სწრაფად შეწყვეტა Apple-ის სტილს ნამდვილად არ ჰგავს. იმავე პრეზენტაციაზე კომპანიამ ამაყად განაცხადა, რომ ახალ iOS 27 სისტემას iPhone 11-იც მიიღებს – სმარტფონი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოვიდა და პირველ Ultra საათზე ბევრად ნაკლები ღირდა. მოძველებული ტექნიკისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა ხშირად სწორი ნაბიჯია, თუმცა ამ კონკრეტულ ქეისში რთულია იმის თქმა, რომ ბრენდმა სწორი კომპრომისი აირჩია. კომპანიამ ძვირადღირებული პროდუქტი მოძველებული პროცესორით გამოუშვა, რის შედეგადაც მომხმარებლებმა განახლებები იმაზე ბევრად ადრე დაკარგეს, ვიდრე ამას ელოდნენ.

წყარო: Fastcompany;  www.marketer.ge