ევროკომისიამ და კულტურული მემკვიდრეობის ევროპულმა ორგანიზაციამ, Europa Nostra, 2026 წლის European Heritage Awards / Europa Nostra Awards-ის გამარჯვებულები დაასახელეს. წელს ჯილდო 18 ქვეყნის 30 პროექტსა და ინიციატივას გადაეცა, რომლებიც ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კვლევას, აღდგენასა და პოპულარიზაციას ემსახურებიან.

გამარჯვებულებს შორის მოხვდა არაერთი გამორჩეული პროექტი. მათ შორისაა ისტორიული Hungarian State Opera House-ის რესტავრაცია უნგრეთში, იტალიის ქალაქ ბოლონიაში ყოფილი სარკინიგზო ტერიტორიის თანამედროვე კულტურულ სივრცედ გარდაქმნა, საფრანგეთსა და ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე შექმნილი „მშვიდობის ბაღები“ და მონტენეგროში თითქმის დაკარგული ტრადიციული მაქმანის ხელოვნების აღდგენის პროგრამა.

ჯილდოები ხუთ ძირითად კატეგორიაში გაიცა: კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და ადაპტირებული გამოყენება, კვლევა, განათლება და უნარების განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობა და მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ასევე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებისა და ორგანიზაციების აღიარება.

დაჯილდოების ცერემონია კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ გრან პრის მფლობელები და საზოგადოებრივი არჩევანის ჯილდოს გამარჯვებული. საზოგადოებრივი არჩევანის ჯილდო რუმინეთში მდებარე Bánffy Castle-ის აღდგენის პროექტმა მოიპოვა, რომელმაც ევროპის მასშტაბით ონლაინ ხმის მიცემაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. გამარჯვებულებმა 10 000-ევროიანი ფულადი პრემიებიც მიიღეს.

European Heritage Awards / Europa Nostra Awards 2002 წლიდან ტარდება და ევროპაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა. მისი მიზანია ისტორიული ძეგლების, ტრადიციების, კვლევითი პროექტებისა და საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ამ ჯილდოს აქვს ფინანსური კომპონენტიც, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისი რეპუტაციული და საინვესტიციო ეფექტია.

2026 წლის European Heritage Awards / Europa Nostra Awards-ის ფარგლებში შერჩეული 30 გამარჯვებული პროექტიდან რამდენიმე დამატებით იღებს Grand Prix-ს. წელს ხუთი Grand Prix გაიცა და თითოეულის ფულადი პრემია 10 000 ევროა. ასევე ცალკე გაიცემა Public Choice Award, რომელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულს ენიჭება და ისიც 10 000 ევროს მოიცავს. შესაბამისად, 2026 წელს ფულადი ჯილდოების საერთო ფონდი მინიმუმ 60 000 ევროა.

თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სექტორის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ Europa Nostra-ს მთავარი ღირებულება უშუალოდ ფულადი პრიზი არ არის. ჯილდოს გამარჯვებულები იღებენ:

• ევროპულ და საერთაშორისო მედია გაშუქებას
• წვდომას ევროკავშირის კულტურული და საგრანტო ქსელებზე
• პოტენციურ ახალ დაფინანსებას კერძო და საჯარო ფონდებიდან
• ტურისტული ინტერესისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას
• პარტნიორებისა და ინვესტორების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას

Europa Nostra-ს ოფიციალური ინფორმაციით, ჯილდოს მოპოვების შემდეგ არაერთი პროექტი დამატებით მილიონობით ევროს ინვესტიციას იზიდავს, რადგან გამარჯვება ერთგვარ ევროპულ „ხარისხის ნიშანს“ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სექტორში.

ჯილდოს დაფინანსება ძირითადად ევროკავშირის Creative Europe პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო ორგანიზაციულ ნაწილს Europa Nostra მართავს.

თუ ბიზნესის კუთხით შევაფასებთ, 10 000 ევრო სიმბოლური პრემიაა, მაგრამ გამარჯვებული პროექტისთვის რეალური ეკონომიკური ღირებულება ხშირად გაცილებით მეტია. კულტურული ტურიზმის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Europa Nostra-ს გამარჯვებულ ობიექტებზე ვიზიტორთა ნაკადის ზრდა, საერთაშორისო ცნობადობა და შემდგომი გრანტების მოზიდვა ზოგიერთ შემთხვევაში ასობით ათასი ან მილიონობით ევროს დამატებით ეკონომიკურ ეფექტს ქმნის. სწორედ ამიტომ, ევროპაში ამ ჯილდოს ხშირად „კულტურული მემკვიდრეობის ოსკარს“ უწოდებენ