კომპანია Neuralink-მა თავისი ჩიპი მესამე პაციენტს ჩაუნერგა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მეწარმემ ელონ მასკმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია 2025 წლის ბოლომდე კიდევ 20-30 ჩიპის დანერგვას აპირებს.
„ჩვენ ახლა Neuralinks-ის იმპლანტი სამ პაციენტში გვაქვს და სამივე კარგად მუშაობს“, - თქვა მასკმა ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც X-ის სოციალურ მედიაში გადაიცემოდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, პირველად Neuralink-მა პარალიზებული ადამიანის ტვინში ჩიპი 2024 წლის იანვარში ჩანერგა. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ნოლან არბომ მაუსის კურსორის გონების ძალით კონტროლი ისწავლა. მალევე ის ონლაინ-ჭადრაკს და Mario Kart-ს თამაშობდა.
მეორე პაციენტმა იმპლანტი აგვისტოში მიიღო. ილონ მასკის კომპანიამ Neuralink თავის ბლოგში ატვირთა ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ თამაშობს კომპიუტერულ თამაშ Counter-Strike 2-ს მეორე პარალიზებული ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ალექსმა გონების ძალით მაუსის კონტროლი ჩიპის კომპიუტერთან მიერთებიდან 5 წუთში ისწავლა. ახლა ის ჩიპის მეშვეობით კომპიუტერული თამაშებისა და 3D-ობიექტების პროექტირებისთვის საჭირო პროგრამებში მუშაობას სწავლობს.
ესაა მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს. მოწყობილობა განკუთვნილია პარალიზებული ადამიანებისთვის. ჩიპის მეშვეობით ისინი შეძლებენ აკონტროლონ ციფრული მოწყობილობები აზრის მეშვეობით. კომპანიაში თვლიან, რომ ასეთი მოწყობილობები ბევრად გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებას.
Neuralink-ი ილონ მასკმა 2016 წელს ინჟინრებთან ერთად შექმნა.