ილონ მასკის კომპანიამ Neuralink თავის ბლოგში ატვირთა ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ თამაშობს კომპიუტერულ თამაშ Counter-Strike 2-ს მეორე პარალიზებული ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს.
იმის შესახებ, რომ კომპანიამ ჩიპი მეორე პაციენტსაც ჩაუნერგა აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. კომპანიის ბლოგში აღნიშნულია, რომ კაცს, რომელსაც ალექსი ჰქვია, ოპერაცია ჯერ კიდევ ივლისში ჩაუტარეს და კლინიკიდან მეორე დღესვე გამოწერეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ალექსმა გონების ძალით მაუსის კონტროლი ჩიპის კომპიუტერთან მიერთებიდან 5 წუთში ისწავლა. ახლა ის ჩიპის მეშვეობით კომპიუტერული თამაშებისა და 3D-ობიექტების პროექტირებისთვის საჭირო პროგრამებში მუშაობას სწავლობს.
„თუ ყველაფერი კარგად წავა, რამდენიმე წელიწადში უკვე ასობით ადამიანი გვეყოლება Neuralink-ის ჩიპებით, 5 წლის შემდეგ ათობით ათასი, 10 წლის შემდეგ კი მილიონები“, - დაწერა მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში X.
პირველად Neuralink-მა პარალიზებული ადამიანის ტვინში ჩიპი 2024 წლის იანვარში ჩანერგა. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ნოლან არბომ მაუსის კურსორის გონების ძალით კონტროლი ისწავლა. მალევე ის ონლაინ-ჭადრაკს და Mario Kart-ს თამაშობდა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.