ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ექვსჯერ გადავადდა, რომლის შემდეგ ნებაყოფლობით გაიხსნა. ამის გათვალისწინებით რამდენად იქნება ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ბირჟის და ზოგადად სექტორის მიმართ?! - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცმა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ენერგეტიკული ბირჟის სავალდებულო ამოქმედების გადავადება შეცდომა იყო.

"ასოციაცია მომხრე ვართ, რომ ბირჟა სრულყოფილად ამოქმედდეს, თუმცა ამას გარკვეული გამოწვევები აქვს. პირველი, ეს არის პროგნოზების გაკეთება. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ფასების ფორმირება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე, კონკურენციის და თავისუფალი პირობების მიხედვით, ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი პროგნოზის განხორციელება. ეს კი იმ მონაცემებს ემყარება, რომელიც ჰიდროლოგიასთან მიმართებით არის დაფუძნებული. კერძო ბიზნესი ხაზგასმით ამბობს, რომ დაახლოებით, 20-25%-იანი ცვლილება აქვთ. ჩვენ ამ დროს დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზეც საუბარი, რადგან შევამციროთ ეს მაჩვენებელი 5%-მდე, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ვერ დაგვეხმარება თუ სარწმუნო ბაზა არ იქნება. ეს სარწმუნო ბაზა კი, რა თქმა უნდა, მეტროლოგიამ უნდა მოგვცეს იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ. ასევე, უბალანსობის ბაზარი სავალდებულო გახდება თუ ჩვენ შევძელით და 2025 წლის ივლისს ბირჟა გავხსენით. ეს არის წმინდა პასუხისმგებლობა, ფინანსური პასუხისმგებლობა. ვინ იქნება უშუალოდ პასუხისმგებელი პირი ამ უბალანსობის თვალსაზრისით განსხვავებაზე - ეს ძალიან კრიტიკული და გადამწყვეტია. 

ჩვენი ბაზარი არის დეფიციტური. ამ პირობებში რთულია მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ფასი არ გაცდეს იმას, რაც არის. ამ დეფიციტმა გარკვეულწილად სირთულეები შექმნა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის რომ - 2023 წლის ივნისის ბოლოს კერძო სექტორის მხრიდან ყველა მოთამაშე მზად იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ მოხდა ბირჟის გახსნის გადავადება, რამაც ერთგვარი ფლუსტრაცია გამოიწვია", - აცხადებს მაია მელიქიძე.

შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადავადდა. საბოლოოდ, ის 2024 წლის  1 ივლისს, ნაწილობრივ, არასავალდებულო რეჟიმში გაიხსნა. ამ დროისთვის ბირჟაზე 21  მონაწილეა რეგისტრირებული.