წინა წელთან შედარებით, წელს აზიიდან 30%-მდე ზრდა გვაქვს, თუმცა, ევროპულ ბაზარზე ძალიან ბევრი შესაძლებლობა დაიკარგა - ამის შესახებ “ტოპ ტურის” კომერციულმა დირექტორმა, ნონა ფოლადაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული დატვირთვის შეფასებისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ტურიზმი აქტიურ ფაზაშია შესული და ზაფხულის წინასწარი ჯავშნებიც უკვე აქვთ. ფოლადაშვილი დასძენს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო, ტურისტული სექტორის გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებზე აქტიურობის მიუხედავად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპულ ნაკადებზე, ვინაიდან ისინი არასტაბილურ გარემოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ.
"ევროპულ ბაზარზე ძალიან ბევრი შესაძლებლობა დავკარგეთ. თითქმის ყველა გამოფენაზე ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა რამდენად პროდუქტიულია ეს ყველაფერი, სტატისტიკაზე აისახება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჭარბობენ ტურისტები გალფის ქვეყნებიდან, აზიიდან. რაც გამოწვეულია იმით, რომ ევროპიდან პირდაპირი ფრენები არ არის და ქვეყანაში სტაბილურობა და ჯანსაღი გარემო არ არის. ვერ ვიტყოდი, რომ ცნობადობა ნაკლებია ან არ უყვართ და არ უნდათ საქართველო, ძალიანაც მოსწონთ და ძალიან კარგი პროდუქტიც გვაქვს, თუმცა ერთია პროდუქტი და მეორეა ამ პროდუქტს როგორ შევთავაზებთ და რა პერსპექტივა იქნება სამომავლოდ. სადღაც შუაში ვართ გაჭედილი, სადაც ლამაზი მთები და გემრიელი საჭმელი საკმარისი არ არის.
ევროპელი ბიზნეს ოპერატორები და ტურისტები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას სხვანაირად უყურებენ. შესაბამისად, ისინი საქართველოს პოპულარიზაციისგან თავს იკავებენ, რომ უფრო მეტი ტურისტი გამოგვიგზავნონ”, - ამბობს ნონა ფოლადაშვილი.
ტურისტული კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, ევროპული ნაკადების შემცირების ფონზე, ტურისტული სექტორი აზიის ბაზარზე გადავიდა. თუმცა აქაც გამოწვევებმა იჩინა თავი. ფოლადაშვილი ამბობს, რომ ინდოეთის ბაზარზე სწორმა სტრატეგიამ და ვიზის აღების გამარტივებამ შედეგი გამოიღო, თუმცა გართულდა საზღვრის კვეთის პროცედურა. ის დასძენს, რომ საზღვრიდან გაბრუნების ფაქტები ხშირია, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
“გასულ კვირას, ჩვენი 12 ტურისტი განმარტების გარეშე დააბრუნეს. ტურისტი, რომელიც ჩვენი გავლით შემოდის ქვეყანაში, მას აუცილებლად აქვს ჩვენი სერვისის შეძენის დამადასტურებელი საბუთები, გადახდის ქვითარი. მესაზღვრეები გვირეკავენ და ჩვენთან ამოწმებენ თუ ნამდვილად ჩვენი მომხმარებელია. გვქონდა შემთხვევა, როდესაც 95 კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა საქართველოში, MICE ტურიზმის ფარგლებში და მესაზღვრემ დამირეკა და მითხრა - პასუხისმგებელი ხართ, რომ უკან ქვეყანაში გაფრინდება? - როგორ წარმოუდგენიათ, რომ პატარა კომპანიამ 95 ადამიანის უკან დაბრუნებაზე, საქციელსა თუ მოქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს?
ბაზარი, რომელზედაც დამოკიდებულია ბიზნესი, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ მაინც უნდა შევუქმნათ ის მოცემულობა და კომფორტი, რომ თუ ადამიანმა ვიზა მიიღო, ქვეყანაში უსაფრთხოდ და მშვიდად შემოვიდეს. თუ გვინდა, ევროპის ბაზარი, მაშინ სხვა მიდგომები უნდა გვქონდეს”,- ამბობს ტურისტული კომპანიის კომერციული დირექტორი.