აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სურვილი სავარაუდოდ იყო ის, რის გამოც ომი დაიწყო. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ უკრაინაში მინერალებზე შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ ნატო-ში შევლენ.
„აი, ეს, პირველ რიგში, არასდროს განხილულა. მეორეც, ვფიქრობ, პუტინის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე უთხრეს უკრაინას, რომ ნატო-ში ვერ შევა. შესაძლოა, ეს არის სავარაუდოდ მიზეზი, რის გამოც ომი დაიწყო სინამდვილეში“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის პრეზიდენტმა შეასრულოს სიტყვა და შეთანხმება დადოს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„მინდა ვნახო, რომ ის დებს გარიგებას, რათა შევაჩეროთ რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ძირითადად ეს რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები არიან. ისინი კარგავენ სულ მცირე 2 500 ადამიანს კვირაში. მინდა, ეს შეწყდეს. ზოგიერთი იკითხავს, რატომ ვზრუნავ რუს ან უკრაინელ ჯარისკაცებზე, რადგან ისინი ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც თქვენ, როგორც ჩვენ, როგორც ყველა ჩვენგანი. როგორც ჩანს, მე მაქვს ამ საკითხების მოგვარების უნარი. და თუ შემიძლია ამის გაკეთება, ვფიქრობ, ეს ძალიან ღირებული საქმეა. მინდა, დავრწმუნდე, რომ ის ასრულებს თავის სიტყვას და ვფიქრობ, ასეც იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს ტარიფების დაწესება რუსული ნავთობის მყიდველებზე, თუ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია.