თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ.მ-ზე $24.1 შეადგინა, ბათუმში კი $23.1 - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო.
"საქართველოში ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, კომერციული უძრავი ქონებაც, ძირითადად, თბილისშია კონცენტრირებული. თბილისში 10 თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 291 728 კვ.მ-ს შეადგენს. ბათუმში წარმოდგენილია 5 სავაჭრო ცენტრი, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 53 901 კვ.მ-ს შეადგენს. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენენ. ზუგდიდს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2023 წელს შეემატა, სადაც წარმოდგენილია ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები.
2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ.მ-ზე $24.1 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4%-ით მაღალია. იმავე პერიოდში, ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $23.1 იყო, 5%-ით მაღალი ვიდრე 2023 წელს. დადებითი დინამიკა ახალი სავაჭრო ცენტრების გახსნითა და აჭარაში არსებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციებით იყო განპირობებული.
მომდევნო წლებში ახალი სავაჭრო ცენტრები თბილისს, ბათუმსა და თელავს შეემატება. თბილისის სამომავლო მიწოდებიდან აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრებიდან აღსანიშნავია თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება და ასევე, სავაჭრო სახლი - ბავშვთა სამყარო, რომელზეც სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა. მომდევნო წლებში ბათუმს ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება: ორბი სითი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. თელავში კი, ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება", - ნათქვამია ანგარიშში.