ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა - იგულისხმება არა ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრი, არამედ ვირტუალური მინისტრი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა შექმნილი.
მისი სახელია დიელა (Diella), რაც ალბანურად "მზის შუქს" ნიშნავს და ის ყველა საჯარო შესყიდვაზე იქნება პასუხისმგებელი - განაცხადა ალბანეთის პრემიერმინისტრმა ედი რამამ 11 სექტემბერს.
Politico წერს, რომ ზაფხულში რამა საუბრობდა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ალბანეთს ციფრული მინისტრი ან თუნდაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პრემიერმინისტრი ჰყოლოდა, თუმცა არავის ეგონა, რომ ეს დღე ასე სწრაფად დადგებოდა.
ტირანაში გამართულ სოციალისტური პარტიის ყრილობაზე რამამ მთავრობის ახალი კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, დიელა წარადგინა - მთავრობის ერთადერთი ციფრული წევრი.
"დიელა [კაბინეტის] პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირტუალურადაა შექმნილი" - განუცხადა რამამ პარტიის წევრებს.
რამას თქმით, ტენდერებზე გადაწყვეტილებები "სამინისტროების გარეთ გადაინაცვლებს" და "საჯარო შესყიდვების მინისტრის", დიელას ხელში გადავა. მისი თქმით, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება, თუმცა საბოლოოდ, ალბანეთი გახდება ქვეყანა, სადაც "საჯარო ტენდერები კორუფციისგან 100%-ით დაცული და თანხები, რომლებიც ტენდერის პროცედურას გაივლის, 100%-ით გამჭვირვალე იქნება“.
"ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის დიელას მოვალეობა" - თქვა რამამ.
დიელა ალბანეთის მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, როგორც e-Albania-ს პლატფორმის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თითქმის ყველა სახელმწიფო სერვისი ციფრულად მიიღონ. მას კიდევ ავატარიც კი ჰყავს, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სახე აქვს და ტრადიციულ ალბანურ ტანსაცმელშია გამოწყობილი.
პრემიერმინისტრის თქმით, დიელა შეაფასებს ტენდერებს და ექნება უფლება "სამსახურში აიყვანოს ნიჭიერი ადამიანები მთელი მსოფლიოდან".
Politico აღნიშნავს, რომ ალბანეთი კორუფციას, განსაკუთრებით მთავრობის ადმინისტრირებისა და საჯარო შესყიდვების სფეროში, დიდი ხანია ებრძვის. ეს საკითხი არაერთხელ გამოკვეთილა ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშებში კანონის უზენაესობის შესახებ.
რამამ 2025 წლის მაისში მეოთხე ვადით გაიმარჯვა, დაპირებით, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება.