ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმების იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება.
„გვაქვს კარგი მონაცემები. წლევანდელ წელს თუ ავიღებთ, იანვარ-ივლისის მონაცემებით გვაქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ვიღაცები პროგნოზირებდნენ მინუსს და გვაქვს პლუს 8% ეკონომიკური ზრდა. ამბობდნენ, რომ ლარის კურსი 3.1-ს გასცდებოდა, უკვე იანვარში თუ თებერვალში ასეთი პროგნოზი იყო და ბოლო თვეების განმავლობაში 15 თეთრით არის გამყარებული ლარის კურსი, რამაც ეროვნულ ბანკს მისცა რეზერვების შევსების საშუალება სარეკორდო მაჩვენებლით, 1.3 მლრდ დოლარის რეზერვები იქნა შესყიდული ამ თვეების განმავლობაში, მარტიდან მოყოლებული ივლისის ჩათვლით. აგვისტოს მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება, მაგრამ ტენდენციებს თუ ავიღებ, ვფიქრობ, რომ 1.5 მილიარდსაც გადააჭარბებს უკვე აგვისტოს ბოლოს მონაცემებით შესყიდული სავალუტო რეზერვების მოცულობა. ეს არის ტენდენციები დღეს ეკონომიკაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.
იგივე კორუფციის შემცირება, ეფექტიანობის გაუმჯობესება, პროექტების, მათ შორის, კაპიტალური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტიანობის გაუმჯობესება, ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესება, კონკრეტული პროექტები, მათ შორის, ინვესტიციები, როგორიც არის, იგივე ცნობილი Emaar-ის პროექტი, საუბარია 6.6 მლრდ დოლარზე, რომელიც უნდა შემოვიდეს ინვესტიციის სახით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, როგორიც არის ავტობანის პროექტი, რკინიგზის პროექტი, ანაკლიის პორტის პროექტი, აეროპორტების პროექტები. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმების იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს