მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი აშშ-ში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს. ერთი აქცია კომპანიისგან იქნება, მეორეს კი მასკი პირადად გაიღებს. ინიციატივის საერთო ღირებულება, ოთხშაბათის სავაჭრო ფასის მიხედვით, დაახლოებით $18 მილიარდია.
მასკს აქციების გადაცემის ზუსტი პირობები ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ გაცემული აქციები მომდევნო თვეში გადანაწილდება, პირადად მის მიერ გაღებული აქციების გადაცემა კი 2027 წლის ივნისში, მისთვის მოქმედი შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ მოხდება.
SpaceX-ის განცხადების თანახმად, კომპანია თითოეულ აქტიურ Trump Account-ს საკუთარი A კლასის ჩვეულებრივი აქციების ერთ ახალ გამოშვებულ აქციას გადასცემს. მასკი კი კომპანიის მიერ გაცემული აქციების რაოდენობას პირადი შემოწირულებით გააორმაგებს. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ინიციატივა მხოლოდ Trump Account-ის პროგრამაში ჩართულ ბავშვებზე.
Trump Account აშშ-ის მთავრობის პროგრამაა, რომლის მიზანიც 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საფონდო ბაზარზე მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა და ადრეული ასაკიდან ქონების დაგროვების ხელშეწყობაა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ოქტომბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში თითქმის 70 მილიონი ანგარიში იყო გახსნილი.
ოთხშაბათს SpaceX-ის ერთი აქციის ფასი $127.44-ს შეადგენდა. ამ ღირებულებით, მასკისა და კომპანიის მიერ გასაცემი აქციების ჯამური ღირებულება $18 მილიარდს უახლოვდება. მასკის პირადი ქონება კი დაახლოებით $824 მილიარდად არის შეფასებული. ივნისის მონაცემებით, მასკი SpaceX-ის დაახლოებით 6.42 მილიარდ აქციას ფლობდა.
მასკმა SpaceX-ის აქციების ამერიკელი ბავშვებისთვის გადაცემის განზრახვა პირველად გასულ თვეში გააჟღერა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნებოდა. მისი განმარტებით, აქციები, როგორც მომავალი ეკონომიკის საკუთრებაში წილის ფლობის ფორმა, უშუალოდ მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ.
მასკის ფილანტროპიული საქმიანობის დიდი ნაწილი Musk Foundation-ის მეშვეობით ხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფონდში $14 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივებია თავმოყრილი.
მსგავსი ინიციატივები სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ბიზნესლიდერებსაც აქვთ. ოქტომბერში SpaceX-ის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა და მისმა მეუღლემ Trump Account-ის პროგრამის ფარგლებში 2 მილიონზე მეტი ბავშვისთვის SpaceX-ის თითო აქციის გადაცემის პირობა დადეს.
ამასთან, ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ საკუთარი აქციების 5%-ს საზოგადოებრივი სარგებლისთვის შექმნილ ახალ ფონდს გადასცემს. მიმდინარე საბაზრო ფასებით, ამ წილის ღირებულება დაახლოებით $54 მილიარდია. კომპანიის განმარტებით, ინიციატივა მას კაცობრიობის სასარგებლოდ შემოწირულებების განხორციელების მეტ მოქნილობასა და მასშტაბს მისცემს.
მსხვილი ფილანტროპიული ინიციატივებით გამოირჩევიან სხვა ბიზნესლიდერებიც. Berkshire Hathaway-ის საპატიო თავმჯდომარეს, უორენ ბაფეტს, გავრცელებული ინფორმაციით, ქველმოქმედებისთვის უკვე დაახლოებით $60 მილიარდი აქვს გადაცემული, ხოლო მისი დარჩენილი, დაახლოებით $150-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილიც ამ მიზნებისთვის არის განკუთვნილი. Bill & Melinda Gates Foundation-ს კი 2000 წელს დაარსების შემდეგ $100 მილიარდზე მეტი აქვს გაცემული, მათ შორის ბაფეტის შემოწირულებების დახმარებით.