სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 ლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.

ხაბეიშვილმა 25 ივლისს საჯაროდ მიმართა ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“, - თქვა მან.

„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის“, - აცხადებდა ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, - სუს-ის თანამშრომლებმა.

ხაბეიშვილმა უარი განაცხადა მისი დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, - უთხრა მან სუს-ის ერთ-ერთ თანამშრომელს.

„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუს-ი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს... ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, - თქვა მან დაკავებისას.

ვიდეო „ფორმულას“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.

„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, - თქვა მან.

სუს-ის შენობასთან მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები მივიდნენ პროტესტის ნიშნად.

ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური აქტივობა ფოკუსირებულია 2025 წლის 4 ოქტომბერზე, - პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, რომელსაც ენმ ბოიკოტს უცხადებს.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საჭიროა „ქართული ოცნების რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“ და მრავალი კვირაა, ამ დღეს აქციას აანონსებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას ამ განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ და მას ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.