„საქართველოში მიმდინარე სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესი არ არის დემოკრატიული და აჩენს ეჭვს, რომ სისტემა შეიძლება იყოს პოლიტიზებული“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „განათლების უფლება“, გადაცემის წამყვანმა მეგი კავთუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გადაცემის სტუმრები, სკოლის დირექტორობის კანდიდატები: მაია ეკალაძე და დათო ფერაძე რამდენიმე წელია ცდილობენ გახდნენ სკოლის დირექტორები, მაგრამ ამაოდ. გაიარეს სერტიფიცირება, დათო ფერაძემ კონკურსის 3 შესარჩევი ეტაპიც წარმატებით გადალახა, მაგრამ 3 სკოლიდან, არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს დირექტორად.
„მესამე სკოლაში საერთოდ არავინ წარადგინეს. ეს უსამართლობაა, არადა 6 კანდიდატი ვიყავით“, - აცხადებს დათო ფერაძე, „ეს ის სკოლაა, სადაც უფრო მეტი ალბათობა იყო ჩემი არჩევის. პირველი მიზეზი, რატომ არ წარმადგინეს არის ის, რომ სამინისტროსთვის არასანდო კანდიდატი ვიყავი. მე ცალსახად ვაცხადებ, რომ ჩემთვის, საქართველოს პირობებში, სიმპათიაც კი არ მაქვს რომელიმე პარტიის მიმართ. დირექტორობის გულისთვის ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ დავუკრავ ტაშს ვერავის. როგორც ჩანს, ეს აუცილებელი იყო. ეს არის ჩემი ვარაუდი“, - აცხადებს დათო ფერაძე.
რაც შეეხება მაია ეკალაძეს, ის, გასაუბრების ეტაპზე, 2014 წელს გამოეთიშა კონკურსს. შემდეგ სასამართლოს მიმართა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში და 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ, იმედს არ კარგავს, რომ სამართლიანობას აღადგენს.
„გვაქვს კითხვები და ამ კითხვებზე უნდა გვიპასუხონ. მძიმე ეტაპებს გავდივართ სერტიფიცირებისა და დირექტორობის გზაზე და მერე სათამაშო ხდები, ხან მოეწონები, ხან დაგიწუნებენ. მთლიანად გაუმჭვირვალეა სისტემა. მე 5 აპრილს მქონდა გასაუბრება და 4 აპრილს როცა ვიკითხე, რა კრიტერიუმებით გვაფასებდნენ, ვერ მივიღე პასუხი. ჩვენი შეფასების დოკუმენტი რომ მოვითხოვეთ, აღმოჩნდა რომ ჰქონიათ 6 კრიტერიუმი, თითო კრიტერიუმი ფასდებოდა 5 ქულით. ეს ინფორმაცია არსადა არ დევს და არსად წერია“, აცხადებს მაია ეკალაძე.
დათო ფერაძის თქმით, გარდა იმისა, რომ შეფასების კრიტერიუმები არ არსებობს, პროცესი გაუმჭვირვალეა, არ ხდება არც ვიდეო, არც აუდიო ჩაწერა.
„ერთადერთი დირექტორობის კანდიდატი ვარ, ვინც გავაკეთე სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და დავდე საჯარო სივრცეში. ამის მიუხედავად, მაინც არ მოხდა ჩემი წარდგენა, ვიცი რომ მოიწონეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“, - ამბობს დათო ფერაძე.
მისი თქმით, ახლა მინისტრთან 3 მოთხოვნა აქვთ - ხელახლა დაინიშნოს გასაუბრებები იმ კანდიდატებისთვის, ვინც აპროტესტებს შედეგებს; მეორე მოთხოვნაა - ყველა კანდიდატი, რომელიც აირჩიეს, უნდა წარადგინონ დირექტორად და მესამე.- რომელ სკოლაშიც არც ერთი კანდიდატი არაა წარდგენილი - იქაც წარადგინონ კანდიდატები.
შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით, სკოლის დირექტორებს უნდა ირჩევდნენ მოსწავლეებისგან, მოსწავლეებისგან და მშობლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ე.წ. სამეურვეო საბჭოში შედის. ისინი 6 წლის ვადით ირჩევენ დირექტორს და შემდეგ აკონტროლებენ, მაგრამ სხვაგვარია რეალობა. დიდი ხანია სკოლის დირექტორების არჩევნები არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც სამინისტრომ წარადგინა დირექტორების კანდიდატები, ნაწილი გაურკვეველი მიზეზებით დაბლოკა. 482 ისეთი დირექტორობის კანდიდატი შეარჩია, რომლებმაც სერტიფიცირება სამინისტროში გაიარა ანუ თავისივე მოწონებული კანდიდატები წარადგინა. შემდეგ ეტაპზე სამინისტროს წარდგენილი კანდიდატები სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს, მაგრამ არჩევის შესაძლებლობა ნაკლებადაა იმიტომ, რომ უმრავლეს სკოლებში 1 კანდიდატია წარდგენილი.