საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.
"თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია კობახიძის მილოცვაში.
დღეს, 4 იანვარს, ილია მეორე 92 წლის გახდა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
"დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 92 წელი შეუსრულდა.
განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება - აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას.
ჩვენი სამშობლო, სხვა ბევრ მახასიათებელთან ერთად, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად სწორედ ადამიანთა სიყვარულის, სიბრძნის, თავმდაბლობისა და მაღალზნეობრიობის ცოცხალი მაგალითი - ილია მეორე ჰყავს.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, მისი სულიერი შვილების საიმედოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", – ნათქვამია მილოცვაში, რომელსაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს მიხეილ ყაველაშვილიც.
„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს.
თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში.
სამაგალითოა თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა ცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ.
თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გვაძლევს ძალას, მყარად ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უფლის და თქვენი ლოცვის იმედით.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას!
მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე“, - წერს პრეზიდენტი.