სომხეთის მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებგვერდზე ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ სომხეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით. ვებგვერდი შეიქმნა იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად მოსახერხებლად შეეძლოს ახალი კონსტიტუციის პროექტის გაცნობა და წინადადებების წარდგენა.ეს თქვენი კონსტიტუციაა“, - დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
სომხური მედიის ცნობით, ახალი კონსტიტუციის პროექტში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე საუბარი არ არის.
მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში საუბარია სომეხთა გენოციდზე. კერძოდ, დეკლარაციის მე-11 პუნქტში ნათქვამია, რომ „სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის თურქეთსა და დასავლეთ სომხეთში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას“.
აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტით შენარჩუნებულია მმართველობის საპარლამენტო ფორმა.
იმ ნაწილში, რომელიც სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეხება, მცირე ცვლილება შევიდა. მოქმედ კონსტიტუციაში აღნიშნულია: „სომხეთის რესპუბლიკასა და წმინდა სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობები შეიძლება კანონით დარეგულირდეს“. ახალ პროექტში ნათქვამია: „სომხეთის რესპუბლიკასა და წმინდა სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობები კანონით რეგულირდება“.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აგვისტოში განაცხადა, რომ “სომხეთმა აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები კონსტიტუციიდან უნდა ამოიღოს”.
“სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ეს (დოკუმენტის ხელმოწერა) შესაძლებელია, თუ სომხეთის კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს ამოიღებენ“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.