აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თავის X-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კონგრესმენებთან სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და მარკ ვეზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად, 119-ე მოწვევის კონგრესში, MEGOBARI აქტი ხელახლა წარადგინა. 

"დღეს მე სენატორებთან სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვეზისთან ერთად, 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარვადგინე MEGOBARI აქტი, როგორც H.R. 36 [რედ. კანონპროექტის ნომერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში]. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, რომ უზრუნველვყოთ ქართული კოშმარის დასრულება და რომ აგრესორების ალიანსმა შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის ტერორი" - წერს ჯო უილსონი.

119-ე მოწვევის კონგრესის გახსნამდე, კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა მედიასთან შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ MEGOBARI აქტს, კონგრესის პირველივე სხდომაზე წარადგენდნენ.

როგორც გამოცემა, The Hill წერს, "კონგრესის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, რომელიც ამ პოსტზე 3 იანვარს ხელმეორედ აირჩიეს, მარს უჭერს ამ კანონპროექტს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ის მიამაგრონ მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ კანონპროქტთან, რომელიც მარტში იქნება განხილული".

სტივ კოენმა ასევე თქვა, რომ სენატში კიდევ ერთი კანონპროექტი, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი დარეგისტრირდება.

კონგრესმენების მედიასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ში მომუშავე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ასევე დაწერა - "საქართველოს შესახებ ახალი კანონპროექტები ითვალისწინებს ქართული ოცნების ყველა ოფიციალური პირისა და მათი ახლო ნათესავების სრულ შემოწმებას კორუფციის ან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობისთვის და თუ დადგინდა, რომ ისინი მონაწილეობდნენ რომელიმე მათგანში - ისინი დაექვემდებარებიან სანქციებს, ამბობენ ავტორები. მეგობარი აქტი".

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ 2024 წლის მაისში შემუშავებული "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.

წყარო: ტაბულა