ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, ახალ წელს მომატებული ხელფასით ხვდება. ცესკოს შეფის ყოველთვიურიი ანაზღაურებაა 12 ათას ლარზე მეტი იქნება. ხელფასი გაეზარდა კალანდარიშვილის მოადგილეს, მდივანს, კომისიის წევრებს და დეპარტამენტის უფროსებსაც - ყველას ათ-ათი პროცენტით.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის თანამდებობრივ სარგოზე 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით 145 805 ლარი იყო განსაზღვრული. ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 10 285 ლარი, თავმჯდომარის 2 მოადგილის 9 559, მდივანის 9 438, კომისიის 13 წევრის 8 228 ლარი. 2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა თითოეულის თანამდებობრივი სარგო. ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი გახდა. მოადგილის 10 507, მდივნის 10 374, კომისიის 10 წევრის კი 9 044 - 9 044 ლარი. მთლიანობაში 122 626 ლარი.
ბოლო, 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით კი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი 12 410 ლარია. მოადგილის 11 534 ლარი, მდივანის 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი. მთლიანობაში ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის ხელფასში 134 612 ლარი დაიხარჯება ყოველთვიურად.
ოპოზიციას რჩება განცდა, რომ კალანდარიშვილს და მის გუნდსაც ივანიშვილსს რეჟიმმა გარჯა და ერთგულება დაუფასა არაღიარებული არჩევნების გაფორმების სანაცვლოდ.
კალანდარიშვილი, რომლის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს, ხელფასის გაზრდის გარდა, დაცვის მომსახურებაც გაუხანგრძლივეს.
"ადამიანებს,რომლებიც ესეთ ფუფუნებაში ჰყავთ მათ კიდევ უფრო უმატებენ ხელფასებს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პარლამენტში კალანდარიშვილის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორ მხურვალეს უკრავდა ტაშს და პატივისცემას კი არა თაყვანისცემას მისდამი გამოხატვადა. ერთს მხრივ იყო სრულიად კომფორტში ამ ზიზილ პიპილოებში და მეორეს მხრივ მისი უსაფრთხოებას. სად უნდა შეხვდნენ კალანდარიშვილის სად უნდა შეეგებონ სიხარულით და ზეიმით. საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა ცნობილი არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით და მიდი ხელმომწერი არის ზუსტად ეს გიორგი კალანდარიშვილი'' - ამბობს ცესკოს წევრი ოპოზიციიდან.
წყარო: tv pirveli მთავარი არხი
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2023 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები ყოველწლიურად ეზრდებათ, დაახლოებით, 10%-ით. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, განცხადებით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს.
მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.