თბილისის ზოოპარკის ბინადრებს ხორცითა და ხორცის პროდუქტებით წელსაც კომპანია შპს “ბი.ჯი.ემ. 1” მოამარაგებს. შესაბამისი ხელშეკრულება ზოოპარკმა გასული წლის 27 ნოემბერს გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 372 641 ლარია. თუმცა, აუქციონის გარეშე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 414 757 ლარი იყო.
ტენდერის მიხედვით, კომპანიამ თბილისის ზოოპარკს უნდა მიაწოდოს 5500 კგ ქათმის ხორცი, 75 კგ ქათმის ფილე, 190 კგ ახალი გაუყინავი საქონლის, ცხენის ან ვირის გული და 46 000 კგ ცხენის, ვირის ან საქონლის ხორცი.
საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთების შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ანგარიშსწორება კი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო სახსრებით იგეგმება.
ცნობისთვის, ზოოპარკის ბინადრების ხორცპროდუქტებით მომარაგების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთი პრეტენდენტი შპს "მარტვილი კორიდა" იყო, რომელმაც ვერ გაიმარჯვა, ვინაიდან სატენდერო კომისიის მიხედვით, წინადადების მიღების დასრულებამდე საუკეთესო წინადადება წარმოადგინა “ბი.ჯი.ემ.1”-მა, რომლის შეთავაზება იყო 372 641 ლარი, ხოლო მისი კონკურენტის - 373 612 ლარი.
გამარჯვებული კომპანია შპს "ბი.ჯი.ემ. 1" თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ერტისშია რეგისტრირებული. მისი 100%-იანი მეწილე და დირექტორი არჩილი დალაქიშვილია. კომპანია 2022 წელსაა რეგისტრირებული. ზოოპარკის ბინადრებს გასულ წელსაც აღნიშნული კომპანია ამარაგებდა ხორცპროდუქტებით. ამასთან, შპს "ბი.ჯი.ემ. 1" ამარაგებს მარნეულის ბაგა-ბაღებსაც.
წყარო: bm.ge