„ახალი წლის პერიოდი გუდაურში ზოგადად დატვირთულია ყოველთვის. რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, გუდაურზე მაინც არის მოთხოვნა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სფეროს ექსპერტები უკვე საუბრობენ იმ ზიანის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე სექტორს მიადგა. „ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ მონაცემებით, მხოლოდ 1-14 დეკემბრის პერიოდში სექტორის ზარალმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. საინტერესოა რა მდგომარეობაა ახლა, არსებულ ვითარებაში ერთ-ერთ პოპულარულ ზამთრის კურორტზე - გუდაურში.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით კურორტებზე ახალი ჯავშნები, თითქმის, აღარ კეთდება, თუმცა გუდაური გამონაკლისია. მისი თქმით, გუდაურში საახალწლოდ ჯავშნები არის, თუმცა მომავალ თვეებში რა სიტუაცია იქნება გაურკვეველია.
ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ გუდაურის მუშაობა „ტურიზმსა და ეკონომიკას ფონს ვერ გაიყვანს“.
„გუდაურში ადგილობრივი დამსვენებლებიც ადიან სასრიალოდ. ამასთან, მაღალი მოთხოვნაა როგორც მეზობელი ქვეყნებიდან (სომხეთიდან, აზერბაიჯანი და სამწუხაროდ, რუსეთიდანაც), ისე აზიაში მცხოვრები ევროპელების მხრიდან. ამ კატეგორიის ტურისტები სასრიალოდ რომ ჩამოდიან, არ უყურებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და აეროპორტიდან პირდაპირ მიდიან გუდაურში.
მიუხედავად ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ერთი გუდაური ვერ შეიტანს ტურიზმში იმხელა კონტრიბუციას, რაც მთლიანად ტურიზმის სფეროს შეაქვს ხოლმე. გუდაურში არის ჯავშნები ახალი წლის პერიოდზე, მაგრამ შემდეგ უკვე თებერვალი-მაისი რა იქნება, არ ვიცით. როგორც არ უნდა იმუშაოს გუდაურმა, და იმედი მაქვს რომ კარგად იმუშავებს, ეს ზოგად ფონს ეკონომიკაში დადებითობისკენ ვერ შეიტანს.
სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებს ამჯერად არ შევეხები იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს ამ კურორტებზე და იქ მაღალშემოსავლიანი ტურისტების მასპინძლობა არ არის მარტივი საქმე,“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
წყარო: ბიზნესპრენიუსი