სლოვაკეთი უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ ჩეხურ მედიას სლოვაკეთის ელექტროსისტემების ოპერატორ კომპანია SEPS-ში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ისინი გეგმავენ, უკრაინის „უკრენერგოსთან“ არსებული კონტრაქტის პირობების შესრულებას. სლოვაკეთიდან მიღებულ ელექტროენერგიას კიევი რუსეთის დარტყმების შედეგად შეფერხებული ელექტრომიწოდების კომპენსირებისთვის იყენებს.

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ არ გამორიცხა 2025 წლის იანვრიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ. სლოვაკეთის პრემიერის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „როგორც ჩანს, პუტინმა ფიცოს ბრძანება მისცა, უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე, გაეხსნა მეორე ენერგეტიკული ფრონტი“.

უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრიდან შეწყვიტა. ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის საბოტაჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონი ევრო იქნება.

წყარო: 1tv.ge