„ის პროცენტი, რომელსაც მედპერსონალი იღებს სამედიცინო დაწესებულებიდან, არის დაცინვა და სირცხვილი. ძალიან დაბალ პროცენტზე მუშაობენ, ეს შესაძლოა, იყოს 17%, 18% ან 19%“ - ამის შესახებ დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი ამირანაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმთან კონსულტაციის დროს გადახდილი 100 ლარიდან ექიმისა და მედპერსონალის ანაზღაურებაზე მიდის მაქსიმუმ 20-25 ლარი, დანარჩენი თანხა კი ირიცხება ადმინისტრაციის ბალანსზე.

როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს, დარგში არსებული პრობლემები და კადრების დეფიციტი სწორედ დაბალმა ხელფასებმა, შრომითმა პირობებმა და ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობამ გამოიწვია.

„მოდით აღვნიშნოთ ის სიკეთე, რაც შრომის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და დაფინანსების შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამოისუნთქა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სახის პროცედურები ტარდებოდა უფასოდ, ან იმ ზღვრით, რომელიც იყო სამინისტროს მიერ დადგენილი. თუმცა, კერძო სექტორს თავისი ანაზღაურება ჰქონდა დამატებული და ეს თანხა არ იყო საკმარისი, ასეთ დროს უწევს ხოლმე თანაგადახდა.

მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვთხოვო, გონივრულად შეხედოს იმ საკითხს, რომელზეც ახლა მე ვისაუბრებ. როდესაც მიდიან ექიმთან და პირობითად იხდიან კონსულტაციაში ას ლარს, რაც ჩვენი სოციალური ფონიდან გამომდინარე, ძალიან ძვირია და საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს, აგრესია უჩნდებათ ექიმის მიმართ, თითქოს ის 100 ლარი ექიმის თანხაა. ყველა პასუხისმგებლობა მიდის მედპერსონალზეა, რომელიც არის მედიცინის ის რგოლი, რომელიც 24 საათის განმავლობაში როდესაც მორიგეა, ყოველთვის პაციენტთანაა.

ის პროცენტი, რომელსაც მედპერსონალი იღებს სამედიცინო დაწესებულებიდან, მე მაპატიოს ყველამ, არის დაცინვა და სირცხვილი. ძალიან დაბალ პროცენტზე მუშაობენ, ეს შესაძლოა, იყოს 17%, 18% ან 19%. ერთეული მედპერსონალია, რომელსაც ნორმალური ანაზღაურება აქვს. კონსულტაციაში გადახდილი 100 ლარიდან შეიძლება ექიმს დაერიცხოს 20-25 ლარი. პაციენტს პრეტენზია აქვს ექიმთან და არა ადმინისტრაციასთან, რომელიც ტყავის სავარძელში ზის და იღებს 75%-ს ან მეტს. დარგში არსებული პრობლემები დაბალმა ხელფასებმა, შრომითმა პირობებმა, ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობამ გამოიწვია“, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

Bpn.ge