ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 30 მობილური იუსტიციის სახლის შესყიდვაზე 4.2 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვა მოიცავს მობილურ იუსტიციის სახლებად გადაკეთებულ მიკროავტობუსებსა და მათ გეგმური ფლობის მომსახურებას.

სატენდერო პირობებით, ავტომობილები 2026 წლის ან უფრო ახალი გამოშვების უნდა იყოს და სამი ოპერატორის სამუშაო სივრცით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, გათბობისა და გაგრილების სისტემებით უნდა დაკომპლექტდეს.

ტენდერი 19 ნოემბერს გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.

მობილური იუსტიციის სახლის პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და იმ სოფლების მოსახლეობისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს, სადაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს. პროექტი ამჟამად საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.