აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური დიალოგით არის შესაძლებელი, ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე უარის თქმა სამშვიდობო პროცესს ხელს არ შეუწყობს.

აღნიშნულის შესახებ ბესენტმა ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე საუბრობდა.

„ამ ტრაგიკული ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ევროპელებს სურთ, კუთხეში განმარტოვდნენ და პუტინთან ურთიერთობაზე უარი თქვან, მაგრამ მხოლოდ დიალოგის გზით შეგვიძლია ამ საშინელი ომის დასრულება. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კონფლიქტია“, – აღნიშნა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის შეფასებით, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ლიდერებს შორის პირად ურთიერთობებსა და პრაგმატულ დიპლომატიას ეფუძნება.

„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიპლომატიის წარმოების საუკეთესო გზა პირადი ურთიერთობებია. ეს რეალური პოლიტიკაა, დაახლოებით ისეთი, როგორსაც რიჩარდ ნიქსონი ატარებდა“, – აღნიშნა ბესენტმა.

ამასთან, ბესენტმა გააკრიტიკა ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკაც. მისი თქმით, ევროპა, ერთი მხრივ, რუსეთთან მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ კი, რუსული ენერგორესურსების შეძენით მოსკოვს ფინანსურ შემოსავლებს უნარჩუნებს.

„ევროპელებმა ვლადიმერ პუტინს უფრო მეტი ფული გადაურიცხეს, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის“, – აღნიშნა ბესენტმა.