თბილისში სატრანსპორტო გადატვირთულობის შემცირება სწრაფი საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების გარეშე გართულდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა დედაქალაქის განტვირთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება, თუმცა სამგზავრო რკინიგზის პროექტი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მომზადების საწყის ეტაპზეა.
საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებაზე საუბრისას ყურადღება თბილისის აგლომერაციაზე მახვილდება, რომელიც გორი-თბილისი-მარნეულის მიმართულებებს მოიცავს. პროექტის მიზანია, დედაქალაქის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად და შეუფერხებლად ჩავიდეს თბილისში სამუშაოდ ან სხვადასხვა მომსახურების მისაღებად და იმავე დღეს დაბრუნდეს უკან.
პროექტის ინიციატორების შეფასებით, რეგიონებიდან დედაქალაქში ყოველდღიური გადაადგილების ალტერნატივის შექმნა ხელს შეუწყობს როგორც თბილისის ქუჩებში ავტომობილების ნაკადის შემცირებას, ისე სატრანსპორტო დატვირთვის გადანაწილებას.
თბილისის 20-წლიანი სატრანსპორტო განვითარების სტრატეგია, ე.წ. ტრანსპორტის მასტერ-გეგმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. 2019 წელს გამოცხადებულ ტენდერში დანიურმა კომპანია Ramboll-მა გაიმარჯვა, რომელსაც დოკუმენტი ერთი წლის ვადაში უნდა შეემუშავებინა. თუმცა თბილისის მერიამ დასრულებული გეგმა მხოლოდ 2023 წელს მიიღო.
მასტერ-გეგმაში ხუთი მსხვილი ინფრასტრუქტურული მიმართულებაა გამოყოფილი: დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან სარკინიგზო კავშირი, სამგზავრო რკინიგზა, მეტროს მოდერნიზება, საბაგირო ტრანსპორტი და ტრანზიტზე ორიენტირებული განაშენიანება.
რაც შეეხება უშუალოდ სამგზავრო რკინიგზის პროექტს, გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებულია სარკინიგზო კავშირების განვითარება თბილისსა და მცხეთას, თბილისსა და რუსთავს შორის, ასევე ლილო-მარნეულის მიმართულებით. გეგმაში განიხილება ფონიჭალის სარკინიგზო დერეფნისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სარკინიგზო კავშირის საკითხიც.
პროექტის ფარგლებში მთავარ გადასაჯდომ კვანძად სადგურის მოედანი განიხილება. სამომავლოდ კი მომსახურების არეალის გაფართოება მცხეთის დასავლეთით მდებარე ქალაქებამდე, მათ შორის კასპსა და გორამდე, არის შესაძლებელი.
რა ეტაპზეა პროექტი?
თბილისის სამგზავრო რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი 2026 წლის 1 ივლისს გამოცხადდა. ინტერესთა გამოხატვის ეტაპი 5 აგვისტოს დასრულდა, ხოლო 2 ნოემბერს ექვსი პრეტენდენტისგან შემდგარი მოკლე სია გამოქვეყნდა. შესაბამისად, ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე ჯერ გამოვლენილი არ არის.
შესყიდვის სავარაუდო ბიუჯეტი 400 000 აშშ დოლარია, სამუშაოების დაწყება კი 2026 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეაფასოს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში ახალი მონაკვეთების მშენებლობის მიზანშეწონილობა.
ამასთან, პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზასა და თბილისის სატრანსპორტო სისტემას შორის კოორდინაცია. კვლევამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ საგარეუბნო მატარებლების მარშრუტები, არამედ მგზავრთა ნაკადების განაწილება, გადასაჯდომი კვანძების მოწყობა და სარკინიგზო მომსახურების ეკონომიკური მოდელიც.
ამ ეტაპზე სამგზავრო რკინიგზის პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესყიდვის პროცესშია. მისი შემდგომი განვითარება კი დამოკიდებული იქნება კვლევის შედეგებზე, საჭირო ინვესტიციებსა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე.
ნახეთ ვრცლად: TCRC