„თუ პრემიერის დაპირება შესრულდება, ამ 30 000-მდე სტუდენტს, რომელსაც ფინანსური დავალიანების მიზეზით აქვთ სწავლა შეჩერებული ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლა აღუდგება და შლაგბაუმს კვლავ გაუხსნიან. მაგრამ დანარჩენ სხვა პრობლემებს, რომელიც ახლავს სტუდენტურ ცხოვრებას, ეს ვერ უშველის“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „განათლების უფლება" მეგი კავთუაშვილთან ერთად განათლების ექსპერტმა გიორგი გახელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვერ უშველის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების მესამედს, რომლებსაც, კვლევის მიხედვით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც უფიქრიათ თვითმკვლელობაზე; ვერც სტუდენტების იმ კატეგორიას, რომელიც არ არის ოჯახებიდან უზრუნველყოფილი და ვისაც ქირის ფულის გადახდაც უჭირს.

გიორგი გახელაძე აცხადებს, რომ სტუდენტის ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები ბევრად აღემატება სწავლის ფინანსურ ხარჯებს და მთავრობისთვის ამ სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული.

„ის ფინანსური ტვირთი, რომელიც სტუდენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწევს, ბევრად აღემატება თავად სწავლის საფასურსა და გადასახადს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში 2250 ლარის ოდენობითაა. იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც ბინის ქირა არ აქვთ გადასახადი, თვიურად საყოფაცხოვრებო ხარჯები 600-დან 700 ლარამდეა, მაგრამ სტუდენტების თითქმის ნახევარს ბინის ქირაობა უწევთ და ამ ხარჯს ქირის თანხა ემატება, რომელიც დრამატულად გაიზარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ასეთ სტუდენტებისთვის ცხოვრების ხარჯები თვეში 1000-1200 ლარი გამოდის. ასე რომ 40 მლნ ლარი ბევრ სტუდენტს გაახარებს, მაგრამ ეს სამომავლო პერსპექტივაში ბევრს არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს გიორგი გახელაძე.

მისი თქმით, ცხოვრების ხარჯების დასაფარად სტუდენტების დიდი ნაწილი მუშაობს, ეს კი უარყოფითად აისახება მათ სწავლის უნარიანობაზე და სტატუსის შეჩერების მიზეზი ხშირად ის ხდება, რომ დასაქმებული სტუდენტები გამოცდებს ვერ აბარებენ.

„ყოველდღიურ ხარჯებში შედის ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტირება, კვება, სასწავლო მასალები და ელექტრონული მოწყობილობის საჭიროება. ცხოვრების ხარჯების დასაფარად სტუდენტების გარკვეული ნაწილი დასაქმებულია, მუშაობს და ეს ცუდად აისახება მათ სწავლის უნარიანობაზე. დაღლილები და ენერგია გამოცლილები არიან. სწავლის საფასურს შეიძლება თავს უყრიდნენ, მაგრამ გამოცდას ვეღარ აბარებენ, ვეღარ სწავლობენ და ზოგჯერ სტატუსის შეჩერების საფუძველი ეს ხდება“, - ამბობს გიორგი გახელაძე.

მისი თმით, მთავარი პრობლემა უმაღლესი განათლების სისტემაშია და მას „ფუნდამენტური მკურნალობა სჭირდება“.

„უმაღლესი განათლების სისტემას რუტინული ფუნდამენტური მკურნალობა სჭირდება. ამაზე ფიქრი მთავრობას 10 წლის წინ უნდა დაეწყო, უფრო ადრეც. დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვართ - ნაოპერაციებ ადამიანს ბევრი ჭრილობა რომ აქვს და ბევრი სახვევის შეცვლა რომ სჭირდება და მხოლოდ ერთს რომ შეუცვლიან. ამაზე მადლობას იტყვი, მაგრამ ვერ განიკურნები. პრემიერის ამ გადაწყვეტილებით სტუდენტები უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან სწავლის საფასური კი არა, ცხოვრება და არსებობა უფრო მძიმე ტვირთია და ეს „ცხოვრების  ტვირთი“ ელვისებური სისწრაფით იზრდება“, - აცხადებს გიორგი გახელაძე.