2024 ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი წელი აღმოჩნდა. წევრ სახელმწიფოებში, მემარჯვენე ძალების აღზევებამ ბლოკის ერთიანობა და მისი ძირითადი ღირებულებები გამოცადა.
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერის სიმტკიცეც. ეკონომიკური არასტაბილურობის, მაღალი ფასების და არალეგალური მიგრაციის გარშემო არსებული მზარდი შეშფოთების გამო, მემარჯვენე და ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიების გავლენა არაერთ წევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მემარჯვენე ფრაქციები საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, ამომრჩევლების მოსაზიდად ევრო-სკეპტიკურ რიტორიკას იყენებდნენ.
დიდი რეზონანსი მოჰყვა მემარჯვენე ძალების წინა-საარჩევნო კამპანიებს, რომლებიც ,,ეროვნული სუვერენიტეტის“ შენარჩუნებაზე აპელირებდა.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ევროპარლამენტის არჩევნებში – ცენტრისტული და ლიბერალური პარტიებისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს წინასწარმეტყველებდნენ. ხმის მიცემა, 2024 წლის 6-9 ივნისს მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართა. 4-დღიანი ხმის მიცემის ფარგლებში 370-მა მილიონმა ევროკავშირის მოქალაქემ 720 ევროპარლამენტარი აირჩია.
შედეგად, მემარჯვენე-ცენტრისტულმა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ყველაზე მეტი, 188 მანდატი მოიპოვა და განამტკიცა საკუთარი უმრავლესობა ახალი მოწვევის ევროპარლამენტში. ის იყო ერთადერთი ცენტრისტული პარტია, რომელმაც მეტი მხარდამჭერის მოზიდვა შეძლო.
მეორე ადგილზე სოციალისტებისა და დემოკრატების ბლოკი გავიდა. მესამე ადგილი ლიბერალურმა „განაახლე ევროპამ’’ დაიკავა. საერთო ჯამში, ევროპის პარლამენტის სამი უდიდესი ჯგუფის გადანაწილება უცვლელი დარჩა.
წყარო: ევრონიუსი ჯორჯია