თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ ავიდნენ ნაძვის ხის რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც დღეს დილით პარლამენტის წინ დადგეს. მერიის განმარტებით, ნაძვის ხის კონსტრუქცია არ არის უსაფრთხო, ვინაიდან ჯერ არ დასრულებულა მისი აწყობა.
"გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.
მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება", - წერია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფმა" ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დილით აქცია დასრულების შემდეგ დაიწყო. აქცია პარკამენტის წინ ახლაც მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან ახლაც შეკრებილი არიან მოქალაქეები. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც. დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე ნაძვის ხეზე კიდია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები.
შეგახსენებთ, მეთერთმეტე ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად აკავებს აქციის მონაწილებს. ჩხრეკენ აქციის მონაწილეების სახლებს, ორგანიზაციებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ტერორის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და მედიას.
შსს აქციის დასაშლელად იყენებს არაპროპორციულ ძალას.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.