ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და ჭიათურის ბლოკირებას იწყებენ, -  ამის შესახებ, სოციალურ ქსელში მათ თავად დაწერეს.

"როგორც მოგეხსენებათ, შეწყდა საპროტესტო აქციები და დღეიდან გადავდივართ ქალაქის ბლოკირებაზე.

კერძოდ, მემორიალსა და ჯრუჭულის პოსტებზე მოგვიწევს ცხოვრება. 24-საათიან კონტროლის რეჟიმში ვაჩერებთ ყველა სატვირთო ავტომობილს, რომელსაც შესაძლებელია გადაყავდეს სილა, ხრეში, შებენი, ბიგა, მანგანუმი, ჯართი (რომელიც ჯიემის საკუთრებაა) და სხვა ყველა სახის ტვირთი, რომელიც დააპირებს ქალაქის გავლას, გარდა დისტრიბუციის სამარშრუტო ტაქსების და მსუბუქი ავტომობილებისა!", - წერენ მაღაროელები.

ცნობისთვის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) მოუწოდებს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ადგილობრივების ფინანსური მხარდაჭერა და მათი მყისიერი სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება. როგორც SJC წერს, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 90 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საკმარისია, რათა სახელმწიფომ ჭიათურის მოსახლეობა შიმშილისგან დაიცვას.

ცნობისთვის, 7 ორგანიზაცია მაღაროელების პროტესტს გამოეხამურა. მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შესახებ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ჭიათურელ მაღაროელებს და ჭიათურის სხვა მცხოვრებლებს, რომელთა სამომავლო ბედიც ამ პროცესზეა დამოკიდებული.

მაღაროელთა პროტესტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. მისი შეფასებით, "ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება". როგორც ქვეყნის პირველმა  კანონმდებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს და იმედოვნებს, რომ მაღაროელების პრობლემები გადაიჭრება, თუმცა, იქვე დასძენს, რომ გამოწვევის სრული გადაწყვეტა რთულია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფასებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღარროელები აქციას 28 თებერვლიდან უწყვეტად მართავენ. მაღაროელების მოთხოვნაა მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში.