„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) კიდევ ერთხელ ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს და სახელმწიფოს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ადგილობრივების ფინანსური მხარდაჭერა და მათი მყისიერი სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება.

მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა 3 თვის ხელფასის ანაზღაურება.

„კომპანიის მხრიდან სახელფასო დავალიანების პირობებში მაღაროელების ოჯახებისთვის რთული იქნება თავის გატანა, სახელმწიფოს სპეციალური, დროებითი სოციალური მხარდაჭერის გარეშე, რომელიც დააკომპენსირების კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებებით მშრომელებისთვის მიყენებულ უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს. სახელმწიფოს მყისიერი ჩარევის გარეშე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდება და რაც ოჯახებს პრაქტიკულად შიმშილის წინაშე აყენებს.

მოსახლეობის სოციალური დაცვა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რაც გათვალისწინებულია როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, ისე საქართველოს კონსტიტუციით. კერძოდ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ასევე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე”, – წერია SJC-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ათასობით ადამიანმა შემოსავალი დაკარგა და არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევისა და მუნიციპალური მხარდაჭერის მდგრადი სერვისები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მშრომელებისთვის უზრუნველყოს მყისიერი, სპეციალური სოციალური მხარდაჭერა.

როგორც SJC წერს, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 90 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საკმარისია, რათა სახელმწიფომ ჭიათურის მოსახლეობა შიმშილისგან დაიცვას.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს სახელმწიფოს:

  • შეიმუშავოს ჭიათურის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა და მყისიერად გამოყოს ფინანსური რესურსები სოციალური კატასტროფის წინაშე მდგარი მშრომელების ოჯახების მხარდაჭერისთვის. Მნიშვნელოვანია, ეს ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან ასევე მოიცავდეს მაღაროელებისთვის და სხვა დასაქმებულებისთვის საბანკო დავალიანებების დროებით გაყინვას.
  • გააძლიეროს მუშაობა და ინტერვენცია მაღაროებში სამუშაოების გაგრძელებისა და მშრომელთა უფლებების გრძლევადიანი დაცვისა და უზრუნველყოფის მიმართულებით.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.

„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.

მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, უკვე 29-ე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მაღაროელების მოთხოვნებია:

  • უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
  • მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
  • შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
  • მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
  • ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.

განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:

  • მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
  • მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
  • შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
  • ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.

ცნობისთვის, 7 ორგანიზაცია მაღაროელების პროტესტს გამოეხამურა. მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შესახებ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ჭიათურელ მაღაროელებს და ჭიათურის სხვა მცხოვრებლებს, რომელთა სამომავლო ბედიც ამ პროცესზეა დამოკიდებული.

მაღაროელთა პროტესტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. მისი შეფასებით, "ამ ქვეყანაში თუ ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის საქართველოს ხელისუფლება". როგორც ქვეყნის პირველმა  კანონმდებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს და იმედოვნებს, რომ მაღაროელების პრობლემები გადაიჭრება, თუმცა, იქვე დასძენს, რომ გამოწვევის სრული გადაწყვეტა რთულია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფასებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღარროელები აქციას 28 თებერვლიდან უწყვეტად მართავენ. მაღაროელების მოთხოვნაა მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში.