7 ორგანიზაცია მაღაროელების პროტესტს გამოეხამურა. მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შესახებ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ჭიათურელ მაღაროელებს და ჭიათურის სხვა მცხოვრებლებს, რომელთა სამომავლო ბედიც ამ პროცესზეა დამოკიდებული.
„ქართული ოცნების” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 მარტს ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამმხრივი კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, თუმცა არა მაღაროელები.
განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მიიწვიეს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლებიც, ხოლო „ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა.“
გუშინვე მაღაროელებმა აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.
მაღაროელები აცხადებენ, რომ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები „ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება“ და მათ მიმართ ნდობა არ აქვთ.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ადგილობრივი მოსახლეობის ამგვარი უგულებელყოფა და მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სრული გამორიცხვა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ და უფლებრივი პრინციპებს და დაუშვებელია, ასე გაგრძელდეს, მით უფრო, რომ მაღაროელები უკვე დიდი ხანია, უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, რომელიც ამ პროცესში დასაქმებულების მხრიდან მონაწილეობს”.
„სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგი ვერ უზრუნველყოფს მშრომელების რეალურ წარმომადგენლობას და იმ ფონზე, როდესაც თავად მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებას, აუცილებელია, კომისიის ფარგლებში შემუშავებულ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ჭიათურის საკითხს განიხილავს, ჩართული იყვნენ მშრომელების და ჭიათურის მოსახლეობის წარმომადგენლები”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ „ოცნების” ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ შეხვდეს ჭიათურელი მაღაროელების წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი ჩართულობა სამუშაო ჯგუფის/კომისიის ყველა მომდევნო შეხვედრაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სახელოვნებო სფეროს პროფკავშირი „გილდია“
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
პროფკავშირი „ლაბორი“
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
მედიატორთა პროფესიული კავშირი
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, უკვე 30-ე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მაღაროელების მოთხოვნებია:
უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.