„ალბათ, საათების განმავლობაში გროვდებოდა ბინაში გაზი,“ - ამის შესახებ ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორმა დავით გიგინეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ფონიჭალაში „უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. პირველადი ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქებაა. როგორც ცნობილია, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც დავით გიგინეიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, სავარაუდოდ, საჭირო გახდება აღნიშნული კორპუსის სრული დემონტაჟი.
„საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო როგორც ჩანს. იმიტომ, რომ ბოლო სართულზე მოხდა აფეთქება და არა მხოლოდ სახურავი იქნა ახდილი შენობაზე, არამედ ქვედა სართულს შორის არსებული გადახურვის ფილებიც ჩაინგრა.
კონკრეტულად ეს შენობა, რომელშიც აფეთქება მოხდა და მსგავსი კიდევ ძალიან ბევრია თბილისში, აშენებულია დაახლოებით, 1970-იანი წლებიდან 1990 წლამდე პერიოდში. ჩვენ მათ ვეძახით რკინა-ბეტონის ანაკრეფ შენობებს.
მათი სართულშორისი გადახურვის ფილები ღრუტანიანი ფილებია, ანუ სიცარიელეები არის. როგორც წესი, შედარებით მსუბუქია ეს კონსტრუქციები მონოლითურ რკინა-ბეტონთან შედარებით. აფეთქების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზევით სახურავის ახდის შემდეგ ან პროცესში, იმდენად მაღალი წნევა შეიქმნა, რომ ქვედა სართულები ჩაანგრია.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შენობის ტექნიკური მდგრადობა შესასწავლია. თუმცა, დიდი შესწავლაც არ სჭირდება. კადრებიდან ვიზუალურადაც ჩანს, რომ დიდი ალბათობით, შენობა მთლიანად იქნება დასანგრევი. მაგ შენობის რეაბილიტაციაზე, ალბათ, საუბარიც ზედმეტია.
თუ საყრდენი კედელი გადახრილია, მით უმეტეს, შიგნით მუშაობაც კი სახიფათოა ამ წუთას მაშველების მხრიდანაც კი. თუმცა, რადგან მოყოლილი არიან მოქალაქეები, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მათი გამოყვანა.
ამ ყველაფერს რასაკვირველია გამოძიება და მიზეზების დადგენა სჭირდება, რა როგორ მოხდა. თუმცა, რაც უკვე ჩანს, ძალიან დიდი აფეთქება იყო. ძალიან დიდი აფეთქების ძალა კი შეეძლო გამოეწვია ძალიან დიდი ხნით დაგროვებულ გაზს. ალბათ, საათების განმავლობაში გროვდებოდა ბინაში გაზი და სავარაუდოდ, ბინაში დეტექტორებიც არ იყო დაყენებული“, - განაცხადა დავით გიგინეიშვილმა.