ვინსენტ ვან გოგის ნახატი „აყვავებული წაბლის ხეები“ 190,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც მხატვრის ნამუშევრებისთვის რეკორდული ფასია, განაცხადა Sotheby's-მა.

ვან გოგის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი აქამდე იყო „ხორბლის ყანა კვიპაროსით“ - ტილო 2022 წელს 117.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. Sotheby's-ის აუქციონების ისტორიაში „აყვავებული წაბლის ხეები“ მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატი გახდა: რეკორდი გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტს“ ეკუთვნის, რომელიც 2025 წელს აუქციონზე 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

BBC-ის ცნობით, ვან გოგმა ნახატი 1890 წელს პარიზის მახლობლად, სოფელ ოვერ-სიურ-უაში დახატა, სადაც მან სიცოცხლის ბოლო ორი თვე გაატარა. ის არგენტინელი ხელოვნების მფარველების, კარლოს ბლაკიერისა და მისი მეუღლის, ნელი არიეტას მიერ შეგროვებული კოლექციიდან 12 ნახატს შორის იყო, რომლებიც აუქციონზე გამოიტანეს.

შესაძლოა, აუქციონი არ ჩატარებულიყო, რადგან ნახატი ბლაკიე-არიეტას მემკვიდრეებსა და გერმანელ გამომცემელ სამუელ ფიშერს შორის დავის საგანი იყო. ამ უკანასკნელის შთამომავლები აცხადებდნენ, რომ მისმა ნათესავებმა ნახატი 1936 წელს „ნაცისტების მიერ დევნის გამო“ გაყიდეს. 1936 წლის შემდეგ და ბლაკიე-არიეტამდე ნახატს კიდევ ხუთი მფლობელი ჰყავდა. წყვილმა ის მხოლოდ 1975 წელს შეიძინა. შედეგად, აუქციონის სახლმა მემკვიდრეებს შორის დავის მოგვარება მოახერხა.

აუქციონამდე ექსპერტებმა ნახატი დაახლოებით 180 მილიონ დოლარად შეაფასეს. აუქციონამდე ნახატი ლონდონში, პარიზში, ტაიპეიში, ჰონგ-კონგსა და ნიუ-იორკში იყო გამოფენილი.

წყარო: snob.ru