სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის პერიოდული გადახედვისა და მონიტორინგის პროცესი არ განხორციელებულა, რის შედეგადაც ბაზაში ისეთი ოჯახები რჩებოდნენ, რომელთა სოციალური მდგომარეობა შესაძლოა აღარ აკმაყოფილებდეს საარსებო შემწეობის მიღების კრიტერიუმებს.
„წლების განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო, ბუნებრივია, ამან შექმნა ისეთი მოცემულობა, როდესაც ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთაც, თუ უბრალოდ ქულების მიხედვით და კონკრეტული საზომების საშუალებით შევაფასებდით, რეალურად, მათ შემთხვევაში შეიძლება საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდეს“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გადამოწმების პროცესში არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა, რამაც ცალკეული ოჯახებისთვის ქულების ხელახლა განსაზღვრის გადაწყვეტილებები განაპირობა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.