მოხმარების წლიური 3.4%-იანი ზრდისა და 2028 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 200-მეგავატიანი ბატარეის ამოქმედების მიუხედავად, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება, - ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ ახალ კვლევაში.
საინვესტიციო ბანკმა გამოაქვეყნა ენერგეტიკის სექტორის ახალი მიმოხილვა - „ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?“, რომელშიც სისტემაში არსებული ხარვეზები და საჭირო ნაბიჯებია გაანალიზებული.
ორგანიზაციის შეფასებით, ზაფხულის სიჭარბის დასაბალანსებლად ყველაზე ეფექტიანი გზა ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის წახალისებაა, მათ შორის ყველაზე იაფი გამოსავალი კი სწორედ ადგილობრივი მოხმარების ზრდაა.
„საქართველოში ბიზნესი ელექტროენერგიაში შინამეურნეობაზე საშუალოდ 13–24%-ით მეტს იხდის, ევროკავშირში კი - 37%-ით ნაკლებს. სეზონური ტარიფი ან ზაფხულში სისტემური საფასურების შემსუბუქება ბიზნესს სტიმულს მისცემს, მოხმარების ნაწილი ზაფხულში გადაიტანოს (მაგ., ფეროშენადნობები და მძიმე მრეწველობა)“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ თავად ენერგეტიკული ობიექტების მფლობელებისთვისაც ელექტროენერგიის იაფად გაყიდვა გამომუშავების შეზღუდვაზე მომგებიანია.
„ექსპორტს ამჟამად ფასი ზღუდავს. 2026 წლის მაის-ივლისში თურქეთში საშუალო ფასი 3.5 ცენტი/კვტ.სთ იყო (წლიურად -46%), ექსპორტის სისტემური საფასური კი - 1.5 ცენტი/კვტ.სთ. შესაბამისად, სიჭარბის პერიოდში ექსპორტს ხელს შეუწყობს ექსპორტიორების სისტემური საფასურებისგან გათავისუფლება“, - მიიჩნევენ ორგანიზაციის ექსპერტები.