მხოლოდ მიმდინარე წლის 10 თვეში არასწორად და ზედმეტად დარიცხული თანხების სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერათ მომხმარებლებს - ასევე მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დარღვევისთვის თითქმის, 8 მილიონ ლარამდე კომპენსაცია დაეკისრათ მათ მომხმარებლების სასარგებლოდ, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ინვესტიციების მოცულობა იზრდება, რათა კომუნალური სერვისები იყოს უფრო ხარისხიანი და უსაფრთხო.
„მარეგულირებელი კომისია ჩვენს რეგულირებად სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ძალიან აქტიურია. მხოლოდ მიმდინარე წლის 10 თვეში არასწორად და ზედმეტად დარიცხული თანხების სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერათ მომხმარებლებს, ასევე მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დარღვევისთვის თითქმის, 8 მილიონ ლარამდე კომპენსაცია დაეკისრათ მათ მომხმარებლების სასარგებლოდ. ასევე, ჩვენ არაერთი მომხმარებლის მომართვა და საჩივარი განვიხილეთ და თითოეულ მათგანზე გვქონდა შესაბამისი რეაგირებები. მომხმარებელთა კომუნალური სერვისების მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ვითახმებთ ინვესტიციებს და ინვესტიციების მოცულობა იზრდება, რათა კომუნალური სერვისები, რომლებიც მომხმარებლებს მიეწოდებათ, იყოს უფრო ხარისხიანი, უფრო უსაფრთხო, წყვეტების გარეშე. აქედან გამომდინარე ველოდებით, რომ მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება, რათა თითოეულ მომხმარებელს მიეწოდოს უფრო ხარისხიანი და უწყვეტი კომუნალური სერვისები.
როგორც წესი, ყველაზე მეტი გამოწვევები წყალმომარაგების სექტორშია, ვინაიდან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა არის მოძველებული და აქ ხშირი გვაქვს ავარიები. ასევე ავარიები არის ელექტროენერგეტიკის სექტორშიც, ძირითადად რეგიონებში, რაც ასევე მოძველებულ ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ სექტორებში ჩვენ ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ. წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია და ზოგიერთი მიმართულებით სამჯერ მეტი ინვესტიციაც არის გათვალისწინებული მომდევნო წლებში, რათა როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორში უფრო მეტად სწრაფად გამოიცვალოს მოძველებული ინფრასტრუქტურა და ახლით ჩანაცვლდეს, რათა მოხდეს უფრო უსაფრთხო და უწყვეტი სერვისების მიწოდება," - განაცხადა ნარმანიამ.