„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ალიაშვილის ქუჩაზე, #54-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

„ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. არჩევანი ჩვენი ხალხისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა - იქნება მშვიდობა თუ ომი - პირდაპირ ასე უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ ეგულება ადამიანი, ვინც მშვიდობასა და განვითარებას მხარს არ დაუჭრეს.

„დიდი ხანია ოპოზიციაზე ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ოპოზიცია არასდროს ხალხის ინტერესებზე არ ზრუნავს. მათი მთავარი მისია ჩვენს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებაა. ისინი საქართველოს ინტერესებზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია იციან, რომ მარცხდებიან - მარცხდებიან მორიგ ჯერზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თბილისის მერმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა: 

გიორგი გახარიამ  (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)

ზურა გირჩი ჯაფარიძემ

გიორგი ვაშაძემ

ანა დოლიძემ

ნიკა გვარამიამ (ყოფილმა პროკურორმა)

გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)

ნიკა მელიამ

მამუკა ხაზარაძემ

ლევან ხაბეიშვილმა