თბილისის მერმა, კახა კალაძემ, არჩევანი დააფიქსირა.

"ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება. მის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ეს არის ქართული ოცნება, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ვნახეთ თითოეული მათგანის წარსული. საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ," - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა: 

გიორგი გახარიამ

ზურა გირჩი ჯაფარიძემ

გიორგი ვაშაძემ

ანა დოლიძემ